Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

vin aris muhajiri?

ვინ არის მუჰაჯირი?

 

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

 

სიტყვა ჰიჯრეთი მოგზაურობას, მიგრაციას, გადასახლებას ნიშნავს. ისლამის ისტორიაში ჰიჯრეთს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტერმინი ჰიჯრეთი კონკრეტულად უკავშირდება ისტორიულ მოვლენას, რომლის დროსაც გაუსაძლის პირობებში მყოფმა მექქას მუსლიმებმა მიატოვეს თავიანთი სამშობლო, სახლ-კარი და ახალი საბინადროს საძიებლად მედინაში გადასახლდნენ. ეს ამბავი მოხდა 622 წელს. მათ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების ფასად ყველაფერი მიატოვეს. ამ მძიმე და რთულ პირობებში გადასახლებულ მუსლიმებს მუჰაჯირები ეწოდათ. ჰიჯრეთი და მუჰაჯირი ძირითადად ამ მნიშვნელობით გამოიყენება მუსლიმ საზოგადოებასა და ისლამურ ლიტერატურაში. როდესაც გვესმის ეს სიტყვები პირველად ამ მნიშვნელობით ასოცირდება ჩვენს წარმოდგენაში. თუმცა ჩემი სასაუბრო თემა ეს არ გახლავთ. მე მინდა გესაუბროთ ჰიჯრეთის გადატანით მნიშვნელობაზე, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

მაშ ასე, ვინ არის მუჰაჯირი და როგორ შევძლებთ მუჰაჯირად ცხოვრებას? როგორც სიტყვის ლექსიკონური მნიშვნელობა გვეუბნება ეს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლას, გამგზავრებას ნიშნავს. ანუ მოქმედება არჩევა-მოწონებას და განდგომა-გარიდებას შეიცავს. განა ყველა ჩვენგანი არჩევანის წინაშე არ ვდგევართ ყოველდრიურ ცხოვრებაში? კეთილსა და ბოროტს, ცოდვასა და მადლს, შავსა და თეთრს შორის არჩევანს ვაკეთებთ ხოლმე, რის შედეგადაც ერთს ვირჩევთ და მივილტვით მისკკენ მეორეს კი უარვყოფთ და ვშორდებით მას.

 

აბდულლაჰ ბინ ამრ ბინ ასის რ.ა. გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა ს.ა.ს. ბრძანა:

 

მუსლიმია ის, ვინც მუსლიმებს არ ვნებს. მუჰაჯირია ის, ვინც მიატოვა ალლაჰის აკრძალულები.“ (ბუხარი, იმან 4-5, რიყაყ 26; მუსლიმ, იმან 64-65; აბუ დავუდ, ჯიჰად 2; თირმიზი, ყიამეთ 52, იმან 12; ნესაი, იმან 8, 9, 11.)

 

ალლაჰის შუამავლის ს.ა.ს. ეს სიტყვები გვეუბნება, რომ ჰიჯრეთი არ არის მხოლოდ სახლ-კარისა მიტოვება და სხვაგან უკეთეს პირობებში ცხოვრება, არამედ ჰიჯრეთი ალლაჰის მიერ აკრძალული ჰარამებისგან შორს დგომა და მათი მიტოვებაა. ჰიჯრეთის პირველი საფეხური სწორედ რომ აკრძალულებისგან შორს დგომა და ალლაჰისკენ მიმავალი გზაზე გეზის აღებაა.

 

მექქას მუსლიმებიც ასე მოიქცნენ, რომლებსაც შემდგომში მუჰაჯირები ეწოდათ. მათ უარი თქვეს მამა-პაპათა წარმართულ ტრადიციებზე, უარი თქვეს უპასუხისმგებლო ცხოვრებაზე. ჰარამი ჰარამად და ჰალალი ჰალალად ცნეს, ისე რომ სულაც არ უფიქრიათ იმაზ, თუ როგორ შეაფასებდა მის ქმედებას მეზობელი, მეგობარი ან ნათესავი. ყოველ ახალმოსულ აიათს იზეპირებდნენ და საკუთარ ცხოვრებაში პრაქტიკულად ასრულებდნენ. როდესაც ღვინის ამკრძალველი აიათები ჩამოევლინა, ვისაც ხელში ეჭირა მაშინვე გადააგდო, ვინც სვამდა და პირში ჰქონდა მაშინვე გადმოფურთხა, ვისაც მარანში ჰქონდა კასრები ამოაყირავა და დაღვარა. ისტორიული წყაროები გადმოგვცემს, რომ რამდენიმე დღე მექქას ქუჩებში ღვინის მდინარეები დიოდა. მათ არ უთქვამთ, მოდი ამ წლის მოსავალს გავხარჯავ და მომავალ წელს აღარ დავწურავო, რახანს ხელში ავიღე სასმისი ამას დავლევ და სხვას აღარ დავლევო.

 

როდესაც შუამავალმა ს.ა.ს. ოქროს ბეჭედი შენიშნა ერთ-ერთს და უსაყვედურა, რომ ეს მამაკაცისთვის ჰარამიაო, ამ პიროვნებამ უმალვე მოიხსნა ბეჭედი და გადააგდო. იქ მყოფებმა უთხრეს აიღე, გაყიდე და მოიხმარეო. თუმცა მან ასეთი პასუხი გასცა: არასოდეს ავიღებ იმას, რაც შუამავლის საყვედურის მიზეზი გახდა.“

 

როდესაც ქალებზე თავდაბურვის აიათი ჩამოევლინა, მათ მაშინვე ფეშტამლები დაჭერეს და თავსაფრები გაიკეთეს. ისინი ასეთი მორჩილებით გამოირჩეოდნენ თავიანთი რწმენის მიმართ და ამ მორჩილების ნაყოფი იყო ის ისტორიული მოვლენა, რომელსაც სახელად ჰიჯრეთი ეწოდა. მათ ამ ბრძანებების თავისუფლად შესასრულებლად საკუთარი ქონება და სიცოცხლეც კი არ დაიშურეს. ჩვენ კიდე სრულიად თავისუფალ გარემოში გვეზარება შევასრულოთ ის ბრძანებები და დავემორჩილოთ იმ აკრძალვებს, რომლისთვისაც ისინი ქონებასა და სიცოცხლეს წირავდნენ. ჩვენც საკუთარ თავს ვკითხოთ, ვიკთხოთ თუ როგორ მოვიქცეოდით მათ ადგილას რომ ვყოფილიყავით?

 

დღეს ბევრი ჩვენგანი ვამბობთ თუ საჭირო იქნება ჩემი რწმენისთვის სიცოცხლესაც შევწირავო. თუმცა ვიდრე ამას ვიტყოდეთ ჯერ დავფიქრდეთ აქამდე რა გაგვიკეთებია ჩვენი რწმენისთვის, რომ მომავალში დიდი საქმეები შევძლოთ? თუკი ამ ყველაფერზე დადებით პასუხებს გვაძლევს შინაგანი მე, მაშინ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და იმედია ღვთის წინაშეც ნამდვილი მუჰაჯირები ვიქნებით.

 

თუკი ჯერ კიდევ იმის შიში მოსვენებას გვიკარგავს, რომ ხალხი რას იტყვის ყველაფერს თუ ისლამის მიხედვით შევასრულებ, ამხანაგები რას იტყვიან თავს თუ დავიბურავ, ძმაკაცები რას იტყვიან წვერს თუ გამოვუშვებ, ნათესავები რას იტყვიან ქორწილში სასმელი თუ არ მექნება, მაშინ ჩვენ ვერაფერსაც ვერ გავწირავთ ჩვენი რწმენისთვის.

 

თუკი ჯერ კიდევ ანგარიშს ვუწევთ საკუთარ ვნებებსა და მავნე ჩვევებს და ვერ შევაგნებინეთ, რომ არ მოვწიოთ, არ დავლიოთ, არ ვიცრუოთ, არ გავჭოროთ, არ ვიბილწსიტყვაოთ და არ დავცინოთ მაშინ ჩვენი სიტყვები უბრალო ქადილის მეტი არაფერია. ვინც ასეთი უბრალო რამეები ვერ გაიმეტა თავისი რწმენისთვის, ის უფრო რთულ შესაწირს როგორ შეწირავს?

 

აი ნამდვილი მუჰაჯირი ის არის, ვინც განუდგა ყველა ბოროტსა და ცუდს, რასაც ადამიანი თავისი ხელით, ფეხით, ენით, ყურით, თვალით, ფიქრებითა და სურვილებით ჩადის. ეს არ არის რთული. მხოლოდ მონდომება და შრომაა საჭირო. უზენაესი ალლაჰი შეუძლებელს არაფერს არ გვავალებს. ეს თქვენ შეგიძლიათ, თქვენზეა დამოკიდებული დაიმსახურებთ თუ არა მუჰაჯირის მადლს.

 

ალლაჰის შუამავალი ს.ა.ს. კიდევ ერთ ჰადისში შემდეგნაირად ბრძანებს: ფითნასა და უკეთურებებში ღვთისმსახურების შესრულება, ჩემთვის ჰიჯრეთივითაა.“ (მუსლიმ; თირმიზი.) ანუ თუკი ასეთი უკეთურებების გარემოცვაში მოვახერხე ამ ყველაფრისგან თავის შორს დაჭერა .. ეს ჰიჯრეთის ტოლფასიაო.

 

ღმერთო უზენაესო! შენ ერთადერთი ხარ ვისაც ვევედრებით და ვისაც ვეთაყვანებით. მხოლოდ შენ ერთს გთხოვთ დახმარებას და მხოლოდ შენს იმედად ვართ. მოგვეც ძალა და რწმენა, რათა განვუდგეთ ყოველივე ჰარამს რაც შენთვის მოუწონარია. ჩვენს გულებს შენი გზა და შენი ბრძანებები შეაყვარე. ზიზღი ჩაგვინერგე ყოველი ბოროტის მიმართ და მუდამ შენი გზით გვატარე. ნუ დაუშვებ, რომ გვაცდუნოს ამქვეყნიურმა საცდუნებლებმა და შენი ჭეშმარიტებისკენ მიმავალ მუჰაჯირებად დაგვადგინე. ამინ!

 

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

 

16-09-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol