Sariatis shesabamisad shemosva
შარიათის შესაბამისად შემოსვა ყველგან და ყოველთვის აუცილებელია

კითხვა: სელამ ალეიქუმ!
ალაჰი გფარავდეთ. მოდის ძვირფასი რამაზნის მთვარე, მე კი ვმარხულობ ალაჰის წყალობით. მე სკოლის მოსწავლე ვარ და სკოლაში ვერ ვიცმევ მუსლიმისთვის შესაფერის სამოსს. ვიცი, რომ რასაც ვიცმევ ამის ჩაცმა ცოდვაა. არ ვიცმევ მოკლე კაბებს, მხოლოდ შარვალს და საროჩკას ვიცმევ. ჩემს შემთხვევაში როგორი ჩაცმულობა იქნებაა მისაღები რომ ალლაჰის წინაშე ცოდვას არ ჩავდიოდე და ალლაჰის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს სწორად ვასრულებდე? მადლობა წინასწარ, ალაჰი გფარავდეთ!
პასუხი: ალეიქუმ სალამ!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
უზენაესმა ალლაჰმა მიიღოს შენი მარხვა და მრავალ რამადანს დაგასწროს! შარიათის წესების შესაბამისად შემოსვა მუსლიმი ქალებისა და მამაკაცებისთვის ერთ-ერთ აუცილებლობას წარმოადგენს. ეს აუცილებლობა უცვლელია დროისა და ადგილის ცვალებადობის შემთხვევაშიც. ანუ მუსლიმს ყოველთვის და ყველგან შარიათის წესებიმს შესაბამისად უნდა ემოსოს. შარიათის წესების შეუსაბამო სამოსელი, როგორც რამადანის მთვარეში, ასევე სხვა დროებშიც ცოდვაა და ეს მხოლოდ რამადანის მთვარით არ შემოიფარგლება. შარიათის წესების მიხედვით შემოსვაც და რამადანის მთვარეში მარხვის დაცვაც, ორივე უზენაესი ალლაჰის ბრძანებებია, ორივეს შესრულება აუცილებელია. თუმცა რამადანი და სამოსელი ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბრძანებებია, რომელთაგან ერთის შეუსრულებლობა მეორეს არ გააუქმებს. ანუ ვინც შარიათის წესების მიხედვით არ/ვერ იმოსება, მისი მარხვა მაინც მარხვად ითვლება, თუმცა ეს იქნება ცოდვასთან ერთად შესრულებული მარხვა, რაც ნაკლები მადლის მოპოვების მიზეზია.
ღმერთს მადლობა, რომ დღეს ჩვენს სკოლებში აკრძალული არ არის შარიათის შესაბამისი სამოსელით განათლების მიღება. მხოლოდ უფრო მეტი მონდომება, გამბედაობა, ღმერთზე მინდობა და უფრო ძლიერი რწმენაა საჭირო. ჩვენ თუ ვიქნებით ღმერთზე მინდობილნი, უზენაესლი ალლაჰი აუცილებლად გაგვიადვილებს მისკენ მიმავალ გზას, რამეთუ იგი ასე ბრძანებს:
وَمَن يَتَّقِ اللَّهَ يَجْعَل لَّهُ مَخْرَجًا
„ვისაც ალლაჰის შიში აქვს, ალლაჰი მას აუცილებლად გაუხსნუს გამოსავალს.“ (ტალაყ, 65/2.)
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
08.06.2016 ბათუმი