zgvashi namazi da yibla
ზღვაში ნამაზი და ყიბლა

კითხვა: სალამ ალეიქუმ!
ხშირად ვკითხულობ თქვენს პოსტებს და მიხარია საინტერესო კითხვებს ამომწურავად რომ ცემთ პასუხს. მე მეზღვაური ვარ და გემზე ყოფნისას სალოცავად ყიბლას მიმართულების დადგენა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. გემი მოძრაობს და მუდმივად მიმართულებას იცვლის ხოლმე. ჩემს ხელთ არსებული ტექნოლოგიური საშუალებებით ვცდილობ დაახლოებითი მიმართულების დადგენას და ისე ვდგები სალოცავად, თუმცა ეს სრულად ზუსტი არ არის. ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
ლოცვის დროს ქააბას მიმართულებით დგომა აუცილებელია. ვინც უცხო ადგილას იმყოფება ან მოძრავ ტრანსპორტში ლოცვას აპირებს მან ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობების გამოყენებით ყიბლას მიმართულებით დადგომას უნდა ეცადოს. დღეს საკმაოდ გავრცელებულია ინტერნეტით აღჭურვილი ელექტრო მოწყობილობები, რომლითაც მარტივად შეიძლება ლოკაციებისა და ქააბას მიმართულების დადგენა. ასეთი მოწყობილობა თუ არ მოგეპოვებათ, გემში აუცილებლად გექნებათ კომპასი და მსოფლიო რუკა, რომელთა გამოყენებითაც თქვენ შეძლებთ ყიბლას დადგენას. მოძრავი გემის შემთხვევაში ლოცვის დაწყებისას ყიბლეს მიმართულებით უნდა დავდგეთ, ლოცვის დასრულებამდე გემი თუ მიმართულებას იცვლის ეგ საპატიოდ ითვლება. მისალმების შემდეგ თუ კიდე აპირებთ ლოცვას, კვლავ ყიბლას მხარეს უნდა მიბრუნდეთ და ისე უნდა დაიწყოთ ლოცვა. თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენების შემდეგ თუ მაინც ვერ შეძლებთ ყიბლას დადგენას, მაშინ იმ მხარეს ილოცავთ საითაც თქვენი ინტუიცია გკარნახობთ და ეს თქვენთვის საკმარისი იქნება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
„ალლაჰისაა აღომსავლეთიც და დასავლეთიც, საითაც არ უნდა მიბრუნდეთ, მიბრუნდით ალლაჰის სახეს იქ ჰპოვებთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვრო წყალობის მქონეა, ყოვლის მცოდნეა.“ (ბაყარა, 2/115.)
უზნაესი ალლაჰი მსახურებს ყოველთვის პატიობს ისეთ რამეებს, რაც მათ ძალებს აღემატება.
„არ დააკისრებს ალლაჰი არცერთ სულს იმის გარდა, რაც მას შეუძლია.“ (ბაყარა, 2/286.)
უზენაესმა ალლაჰმა მიიღოს თქვენი ლოცვა და მშვიდობიანი გზებით გატაროთ!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
15.10.2016 ბათუმი