Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

gmerts tu dawerili akvs

ღმერთს თუ დაწერილი ქონდა მე რატომ უნდა ვაგო პასუხი?

 
 
 

 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ჩვენში გავრცელებულია ასეთი აზრი, რომ თუ ღმერთმა არ დაგიწერა ისე რაც გინდა ის არ გააკეთო არ მოკვდებიო. ან კიდე ამბობენ: დაწერილი იყო და მოკვდა. ღმერთს თუ ჩემი მიზეზით ქონდა დაწერილი მისი სიკვდილი მე რატომ უნდა ვაგო პასუხი? ღმერთს ხომ ასე უნდოდა? რას გვეტყვით ამ თემაზე? წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ჩვენი რწმენის პირობებიდან მეექვსე სწორედ ბედისწერის რწმენაა. ამ პირობის თანახმად ცხოვრებაში, რასაც გადავეყრებით კარგს თუ ცუდს, ყველაფერი ღვთის ნებით ხდება და ყველაფერი დაცულ წიგნშია აღწერილი. ასევე რწმენის საკითხებში შედის ისიც, რომ ალლაჰისთვის ყველაფერი ცნობილია, რაც მომხდარა აქამდე ან რაც მოხდება ამის შემდეგ. მისი ცოდნა უნაკლოა და ის ყოვლის მცოდნეა. ღვთის წერის შეცვლა არავის და არაფერს არ შეუძლია.

ალლაჰისთვის ყველაფერი ცხადი და ცნობილია თუ რა მოხდება მომავალში. ამ ცოდნიდან გამომდინარე აღწერილია ის ყველაფერი, რაც განვითარდება ჩვენს ირგვლივ ან რასაც უშუალოდ ჩვენ მოვიმოქმედებთ. თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენ იძულებით ვერთვებით იმ მოვლენებში, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება და არჩევანის საშუალება არ გაგვაჩნია. ღვთის ცოდნა უნაკლოა, მისთვის ისეთივე უნაკლო სიცხადეა მომავალი, როგრც წარსული. საერთოდ აწმყო და მომავალი ჩვენთვისაა დამახასიათებელი, ვინც დროში ვცხოვრობთ. ალლაჰი დროის მიღმაა. უზენაესმა ალლაჰმა სამყაროს გაჩენამდე 50 000 წლით ადრე თავისი ამ უნაკლო ცოდნით ანგელოზებს იმ ყველაფრის დაწერა უბრძანა, რაც ამქვეყანაზე მოხდებოდა, მათშორის ისიც თუ რაზე გავაკეთებდით არჩევანს.

ბედისწერის საკითხები მედალიონის ორ მხარეს ჰგავს. რომლის ერთ მხარეს მოთავსებულია ისეთი საკითხები, რომელთა შეცვლა ან არჩევანის გაკეთება არცერთ ადამიანს არ შეუძლია. ესენი ისეთი საკითხებია, რომლთაგან ღმერთი კმაყოფილია, მან მოიწონა და მან დაგვიდგინა. მაგალითად ეროვნება, სქესი, მშობლები, გარეგნობა, დაბადების თარიღი ან გარდაცვალების თარიღი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და მსგავსი საკითხები. როგორც ავრნიშნეთ ეს ისეთი საკითხებია, რაზეც არჩევანის გაკეთება არავის არ შეუძლია და არც არავის ეკისრება ამის პასუხისმგებლობა. ამ მხარეებით ადამიანები ვერც ცოდვას და ვერც მადლს ვერ დაიმსახურებენ. ეს მხარეები არც უპირატესობის ნიშნად არ გამოდგება, როგორც ღვთის ასევე საზოგადოების წინაშე.

მეორე მხარეს მოთავსებულია ისეთი საკითხები, რომელთა განხორციელებაც ჩვენს თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული. კეთილის არჩევის შემთხვევაში ჯილდო, ხოლო ბოროტის არჩევის შემთხვევაში სასჯელი გველოდება. დიდება ალლაჰს, რომ ჩვენ არ გაგვაჩინა რობოტებად, რომლებიც მხოლოდ წინასწარგანსაზღვრული მიმართულებით ივლიდნენ და სხვა არჩევანის უნარი არ ექნებოდათ. უზენაესმა ალლაჰმა უპირველეს ყოვლისა ჯანსაღი გონება, შავისა და თეთღის, ცივისა და ცხელის, მწარესა და ტკბილის, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი მოგვცა. შემდგომ ამ უნარის გამოყენება და ყველა ნაბიჯზე კეთილის არჩევა დაგვაკისრა. უზენაესმა ალლაჰმა თავისი უნაკლო ცოდნით წინასწარ იცის თუ ვინ როგორ არჩევანს გააკეთებს, თუმცა მისი ცოდნა არავის არ აიძულებს არჩევანის მიღებაში.

ალი ბინ აბუ ტალიბი (რ.ა.) გადმოგვცემს: ერთხელ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ჩვენთან მოვიდა და დაჯდა. ჩვენც მის ირგვლივ წრე შევკარით და დავსხედით. ხელთ პატარა ჯოხი ეჭირა. ამ ჯოხით ძირს ხაზვა დაიწყო. შემდეგ:

-თქვენგან არავინაა ისეთი, რომ მისი სამყოფელი სამოთხე იქნება თუ ჯოჯოხეთი დაწერილი არ იყოსო გვითხრა. იქ მყოფებმა:

-ალლაჰის შუამავალო! მაშ თუ ასეა მივენდოთ იმას, რაც ჩვენთვის უკვე დაწერილია და საქმეს ნუღარ გავაკეთებთო თქვეს. შუამავალმა:

-იშრომეთ. ყველა იმ გზას დაადგება, რისთვისაც არის გაჩენილი. სამოთხის მკვიდრნი იქ წამყვან გზებს; ხოლო ჯოჯოხეთის მკვიდრნი იქ წამყვანი გზებს დაადგებიანო ბრძანა. ამის შემედგ ყურანიდან შემდეგი აიათები წაიკითხა:

„ხოლო ის, ვინც გასცა და შიში აქვს, და საუკეთესო ფორმით დაამოწმა, ჩვენ გავუადვილებთ მას უადვილესად.“ (ლეილ, 92/5-7.) (ბუხარი, თაფსირ, ლეილ, ჯენაიზ 83, ედებ 120, ყადერ 4, თავჰიდ 54; მუსლიმ, ყადერ 6, (2647); აბუ დავუდ, სუნნეთ 17, (4694); თირმიზი, ყადერ 3, (2137), თაფსირ, ლეილ, (3341.)

ვინც თავის დანაშაულებს ბედისწერას აბრალის არასწორედ იქცევა და თავისი გაუცნობიერებელი საქციელით ალლაჰს ცილს სწამებს. თუ კარგად დავუკვირდებით ასეთი ხალხი თავიანთ დანაშაულებს გამართლებას უძებნიან. ასე მხოლოდ მაშინ ამბობენ, როდესაც სხვების უფლებები შელახეს ან ღვთის მიერ დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულეს. ბედისწერას ასე ბრმად არავითარ შემთხვევაში არ  მიენდობიან მაშინ, როდესაც საქმე თავიანთ უფლებებს ეხება. მაგალითად ვინმემ სახეში სილა რომ გაარტყას და შემდეგ უთხრას „უკაცრავად შენი ბედი ასე ყოფილა დაწერილიო" ასე მორჩილად თუ ჩაბარდება ბედისწერას?

ბედისწერა ღვთის საიდუმლოა, რომელსაც ადამიანი ბოლომდე ვერ ჩაწვდება, წინასწარ ვერავინ ვერ გამოიცნობს თუ ვისთვის რა არის დაწერილი. ისლამი ჩვენ შრომისა და ბრძოლისკენ მოგვიწოდებს და არა პასიურობისკენ. მორწმუნე ყოველთვის კეთილისთვის უნდა იბრძოდეს. მაგალითად ავადმყოფმა, რომ თქვას: „ღმერთს ჩემთვის თუ სიკვდილი აქვს დაწერილი მე ვერანაირი წამალი ვერ მომარჩენს; ხოლო თუ სიცოცხლე აქვს დაწერილი ავადმყოფობა რას დამაკლებსო“ არასწორი მიდგომა იქნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბედისწერა ღვთის საიდუმლოა რისი ამოცნობაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ განკურნებისთვის, ხოლო საიდუმლოს შედეგს ბოლოს გავიგებთ. ხშირად ხდება ისეც, რომ ავადმყოფს ვერანაირი წამალი და ექიმი ვერ შველის; ბევრჯერ კი ექიმების მხრიდან იმედ მოკვეთილი სნეულები კვლავ უბრუნდებიან სიცოცხლეს. ეს ყველაფერი იმ ღვთიური საიდუმლოს დასტურია, რასაც ვერ შესწვდება მოკვდავი. ასე რომ ჩვენ ყოველთვის კარგისთვის უნდა ვიბრძოლოთ, შედეგი თუ კარგი იქნება მადლობა უნდა შევწიროთ უფალს; თუკი ბოროტს გადავეყრებით მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ.

ალლაჰმა ჩვენ თავისუფალი არჩევანის უნარით გაგვაჩინა. ჩვენ ჩვენი გონებითა და შესაძლებლობებით ვირჩევთ კარგს ან ცუდს. ვინმე თუ მკვლელია და ხელჰყოფს სხვათა სიცოცხლეს, ეს რათქმაუნდა ალლაჰმა წინასწარ იცოდა, თუმცა ეს იმას არნიშნავს, რომ ალლაჰი ამით კმაყოფილია. თუმცა ალლაჰი არ ერევა ადამიანთა მოქმედებებში, ასე რომ ყოფილიყო მაშინ ჩვენ რობოტები ვიქნებოდით და არა ადამიანები. ალლაჰმა ჩვენ გონება მოგვცა და გზა გვიჩვენა, შემდეგ ამ გზაზე თავისუფალი ნება მოგვცა, რომ ჩვენთვითონ აგვერჩია სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, რომ იმქვეყნად პრეტენზიები არ წამოგვეყენებინა.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

02-09-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol