Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

sigaretis moweva codvaa

სიგარეტის მოწევა ცოდვაა?

 
 
 

კითხვა: ისლამის რელიგიის მიხედვით სიგარეტის მოწევა ცოდვაა?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამი ზოგადად ყველაფერს კრძალავს, რაც ადამიანისთვის მავნებელია.

როგორც მკვლევარები ამბობენ თამბაქოს გამოყენება პირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა აბორიგენმა მაიას ტომის ხალხმა დაიწყეს. ისინი თამბაქოს რელიგიურ რიტუალებში სახრჩოლებლისა და მოსაწევის სახით იყენებდნენ. ამერიკის არმოჩენასთან ერთად თამბაქო ევროპაშიც შეიტანეს, ეს იყო XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში. დღეს სიგარეტი ერთ-ერთ მსხვილი ბიზნესის სფეროს წარმოადგენს.

იმ დროს, როდესაც მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) მოღვაწეობდა, თამბაქო უცხო იყო კაცობრიობისთვის და მსგავსი კითხვები არც არავის აწუხებდა, შესაბამისად ისლამის პირველ წყაროებში თამბაქოს შესახებ პირდაპირი მოხსენებით ვერანაირ განმარტებას ვერ ვპოვებთ. თუმცა წმინდა ყურანსა და შუამავლის უნაკლო სუნნეთში მოგვეპოვება ისეთ მუხლები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ამა თუ იმ ახლად წამოჭრილი საკითხების ჰუქმი, რომლებიც პირდაპირ არ არის მოხსენებული ისლამის პირველ წყაროებში.

თავდაპირველად, როდესაც სიგარეტის მავნე მხარეები ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო, იმ დროინდელი ზოგიერთი სწავლულის განმარტებაში შეიძლება წავაწყდეთ ისეთ შეხედულებებს, რაც სიგარეტს მუბაჰად ან მექრუჰად მიიჩნევს. თუმცა დღეს, როდესაც მედიცინა და მეცნიერება ერთიანად თანხმდება იმ დასკვნაზე, რომ სიგარეტი მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როდესაც უკვე დაკონკრეტებით შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ დაავადებებზე, რომელთა ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზეზიც სიგარეტია, ჩვენ მას ვერ ვუწოდებთ მუბაჰს ან მექრუს. თანამედროვე ისლამის სწავლულები ქვემოთ მოყვანილ არგუმენტებზე დაყრდნობით მიდიან იმ დასკვნამდე, რომ სიგარეტი ჰარამია.

სუფთა კარგ და სასარგებლო რამეებზე ნებართვა; ხოლო ბინძური, უვარგისი და მავნე რამეების აკრძალვა ისლამის ძირითადი პრინციპია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

(შუამავალი მათ) სუფთა და კარგ რამეებზე ნებას რთავს, ბინძურ და საზიანო რამეებს უკრძალავს.“ (ა’რაფ, 7/157.)

მფლანგველობა და ქონების ფუჭად ხარჯვა ჰარამია, რომელსაც უზენაესი ალლაჰი სატანის საქმეს უწოდებს. სიგარეტში დახარჯული ფული სწორედ რომ ქონების ფუჭად ხარჯვაა, რომელიც ავნებს ადამიანის ჯიბესაც და ჯანმრთელობასაც. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„გადაჭარბებულად არ გაფლანგო! უეჭველად, მფლანგველები ეშმაკის ძმები არიან, ხოლო ეშმაკი მადურია თავისი ღმერთის წინაშე.  (ისრა, 17/26-27.)

„არ იყოთ მფლანგველნი. უეჭველად, მას არ უყვარს მფლანგველნი! (ენ’ამ, 6/141.)

ნებისმიერი ფორმით საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება აკრძალულია, ყოველი მუსლიმი ვალდებულია განერიდოს ისეთ საქმეებს, რაც საფრთხის შემცველია, მისი ქონების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ოჯახის წევრებისათვის. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„თავს საკუთარი ხელით საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ.“ (ბაყარა, 2/195.)

„საკუთარ თავს ნუ მოიკლავთ.“ (ნისა, 4/29.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

 „ვინც შხამი დალოს და თავი მოიკლას, ის ჯოჯოხეთის ცეცხლში გამუდმებით ამ შხამის სმაში იქნება.“ (ბუჰარი და მუსლიმი.)

სიგარეტი ერთ-ერთ იმ მომწამლელ საშუალებებს მიეკუთვნება, რომელიც ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში იწვევს ისეთ დაავადებებს, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსწრაფებას იწვევს. ამას თვით სიგარეტის მწარმოებლებიც კი ვერ მალავენ, რასაც სიგარეტის კოლოფზე დატანილ გამაფრთხილებელ ფრაზებში ვკითხულობთ: „მწეველები კვდებიან ადრე“, „მოწევა კლავს“, „მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს“, „მოწევა იწვევს კიბოს“ და მსგავსი.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ვინც მიირთვა ხახვი და ნიორი, მან ჩვენგან და ჩვენი სამლოცველოსგან შორს დადგეს.“ (მუსლიმი.)

ხახვი და ნიორი არის სუფთა და ჰალალი პროდუქტი, რომელიც არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. შუამავლის ეს სიტყვები გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ ნიორისა და ხახსვისთვის დამახასიათებია არასასიამოვნო მძაფრი სუნი. შუამავალი სწორედ ამ მძაფრი სუნის გათვალისწინებას ურჩევს თავის მიმდევრებს, რომ მეჩეთში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოსვლის წინ არ მიეღოთ აღნიშნული ბოსტნეული ან თუ მიიღებენ მაშინ ასეთ ადგილებში გამოსვლისგან თავი შეიკავონო. ალბათ ყველა არამწეველი დამეთანხმება, რომ არანაკლები არასასიამოვნო და მძაფრი სუნი ასდით მწეველებს. სიგარეტის სუნშია გაჟღენთილი მათი სამოსი, რაც აშკარად შემაწუხებელია არამწეველი საზოგადოებისთვის. თუ დაფიქრდებით იმაზე, რომ რას იტყოდა ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) სიგარეტზე და მის არასასიამოვნო სუნზე, როცა ხახვისა და ნიორის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ქონდა, ალბათ არ გაგიჭირდებათ სავარაუდო პასუხის გამოცნობა.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასევე ბრძანებს:

„განკითხვის დღეს ადამიანი ოთხ რამეზე პასუხის გაუცემლად ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ესენია: სიცოცხლე სად გახარჯა, სხეული სად გახარჯა, ქონება როგორ მოიხვეჭა და სად გახარჯა, თავისი ცოდნის შესაბამისად იცხოვრა თუ არა.“ (თირმიზი.)

მწეველი თუ გაითვალისწინებს, რომ უზენაესი ალლაჰის წინაშე პასუხი უნდა აგოს ღვთისგან მიღებულ ყველა წყალობაზე, კონკრეტულად კი სიცოხლე, ჯანმრთელობა და ქონება სად გახარჯა? მას არ გაუჭირდება ლოგიკური დასკვნის გამოტანა იმის შესახებ, რომ ვინც სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება სიგარეტს შეწირა, ის ღვთის წინაშე თავს ვერაფრით ვერ გაიმართლებს.

ეს და სხვა მრავალი არგუმენტები თვალნათლივ ცხადყოფს, რომ სიგარეტი ყოველმხრივ მავნებელია და მას არანაირი დადებითი მხარე არ გააჩნია. რის გამოც თანამედროვე ისლამის სწავლულები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ სიგარეტი ჰარამია. მეც ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე ვიზიარებ იმ სწავლულთა შეხედულებას, რომლებიც სიგარეტს ჰარამად აფასებენ.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

27.07.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol