iaslogze tu chagvezina
იასლოღზე თუ ჩაგვეძინა როგორ უნდა მოვიქცეთ?

კითხვა: იასლოღზე თუ არ გაგეღვიძა და ვერ ადექი ასეთ შემთხვევაში მარხვის გარგრძელება თუ შეიძლება?
პასუხი: იასლოღი ღამის ბოლო მონაკვეთში საჭმლის ჭამას გულისხმობს, რათა მორწმუნემ კარგად დანაყრდეს და მთელი დღის განმავლობაში უჭმელობას იოლად გაუმკლავდეს. იასლოღის ჭამა მუსთეჰაბია, უჭმელობა კი მოუწონარი საქმეა, რადგანაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) საჰაბეებს მოუწოდებდა, რომ იასლოღი ეჭამათ. იგი ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებს: „იასლუღი მიირთვით, რათა მასში ბერექეთია (ბარაქა)“ თუმცა შუამავლის ცხოვრებაში იყო დღეები როდესაც მას რამოდენიმე დღე უქონლობის ან სხვა მიზეზით უიასლოღოდ გადაბმული უმარხვია. ასევე შუამავალი რჩევანს აძლევდა იმათ ვისაც იასლოღის ჭამა არ სურდათ, რომ ერთი ცალი ხურმით, ერთი ჭიქა წყლით ან რძით მაინც დასწრებოდნენ იასლოღის სუფრას, რათა მის მადლსა და ბარაქას თივითონაც ზიარებოდნენ.
აქედან გამომდინარე თუ ვინმეს ძილის გატეხვა არ უნდა, იასლოღის მომზადება ეზარება ან სხვა მსგავსი მიზეზით უარს ამბობს იასლოღის ჭამაზე, მას შევახსენებთ, რომ ეს შუამავლის მიერ დალოცილი საჭმელია და მასზე უარის თქმა მორწმუნეს არ მოუხდება.
თუ ვინმეს ჩაეძინება და მისდაუნებურად ისე შემოათენდება, რომ იასლოღის ჭამას ვერ მოასწრებს, მისთვის იმედი გვაქვს, რომ ალლაჰი ასეთი სირთულის მოთმინებისთვის ორმაგად დააჯილდოვებს. ხოლო იასლოღის უჭმელობა მარხვის გასატეხად საპატიო მიზეზი არავითარ შემთხვევაში არ არის.
დიდება ალლაჰს, მისი ლოცვა და სალამი მის შუამავალს, მის ოჯახსა და მის მიმდევრებს!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
29.06.2014 ბათუმი