ra kavshiri akvs iesos islamtan
რა კავშირი აქვს იესოს ისლამთან?

კითხვა: მოგესალმებით. იესო ქრისტეს ისლამთან რა კავშირი აქვს? მუსლიმებმა ის უნდა ვიწამოთ თუ არა?
პასუხი: სალამი!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
ისლამი ერთადერთი რელიგიაა, რომელსაც კაცობრიობის დასაბამიდან ღვთის მიერ წარმოგზავნილი ყველა შუამავალი ქადაგებდა. ისლამი ზოგადად ნიშნავს ერთი რმერთის მორჩილებას და მხოლოდ მის თაყვანისცემას. იმ საზოგადოებაში, რომელიც ერთი ღმერთის რწმენითა და მორჩილებით გამოირჩევა სიმშვიდე ანუ მშვიდობა სუფევს. ამ თვალსაზრისით ისლამი მშვიდობასაც ნიშნავს. ხოლო ისლამს თუ ავიღებთ კონკრეტული მნიშვნელობით, ამ სიტყვით იგულისხმება ის მოძღვრება, რომლითაც უზენაესმა ალლაჰმა მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) წარმოგზავნა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ კაცობრიობის დასაბამიდან ყველა შუამავალი ისლამს ანუ ერთი ღმერთის მორჩილებასა და მშვიდობას ქადაგებდა. შუამავალთა ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს მარიამის ძე იესო (ა.ს.) წარმოადგენს. ის ერთ-ერთი უდიდესი შუამავალია, რომელსაც ოთხი დიდი წიგნიდან ერთი ინჯილი (სახარება) ებოძა. წმინდა ყურანში მისი სახელია ‘იისა (عيسى) და მასში 25 ჯერაა მოხსენებული. ყველა მუსლიმი ვალდებულია ირწმუნოს, უყვარდეს და პატივს სცემდეს ღვთის მიერ წარმოგზავნილ ყველა შუამავალს. ვინც ღვთის მიერ წარმოგზავნილ შუამავალთაგან ერთი რომელიმე უარყოს, ის მუსლიმი ვერ იქნება. ოღონდ ჩვენ ის გვწამს, როგორც ღვთის მიერ წარმოგზავნილი შუამავალი, რომელიც სასწაულებრივად ჩაისახა მარიამში და ის იყო ადამიანი. ის არც ღვთის შვილია და არც ღმერთი.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
15.12.2016 ბათუმი