Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

imkveyniuri gvino

ამქვეყნიური და იმქვეყნიური ღვინო

 
 
 


კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ყველა მუსლიმმა ვიცით რომ ღვინო ჰარამია. მაგრამ ყურანში გადმოცემულია, რომ ის სამოთხეში როგორც ტკბილი სასმელი, ისე გადმოედინება. ამის შესახებ ცოტა გაურკვევლობაში ვარ და შეგიძლიათ გამარკვიოთ?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

დიახ, სწორედ აღნიშნეთ, წმინდა ყურანის რამდენიმე აიათის თანახმად მორწმუნეები იმქვეყნად ღვინით დაჯილდოვდებიან. ამგვარი აიათები ერთი შეხედვით მორწმუნეთა და არა მარტო მორწმუნეთა გაკვირვებას იწვევს, რადგანაც ღვინო მუსლიმთათვის მკაცრადაა აკრძალული, უფრო მეტიც წმინდა ყურანი მას სატანის ბინძურ საქმეს უწოდებს, რომლითაც სატანა ადამიანებს შორის უკეთურების, შუღლისა და ბოღმის დათესვას ცდილობს. თუ ყურანსა და ზოგადად ისლამს კარგად არ ვიცნობთ და მხოლოდ ერთი აიათით შემოვიფარგლებით, მსგავსი გაუგებრობებისა და კითხვებისგან თავს ვერ დავიზღვევთ. მაგალითად უზენაესი ალლაჰი მუჰამმედ სურაში ღვთისმოშიშებს სამოთხეში ღვინოს პირდება:

„აი, ასეთია სამოთხე, აღთქმული ღვთისმოშიშთათვის. იქაა მდინარეები წყლისა და მდინარეები რძისა, რომლის გემოც უცვლელია, და მდინარეები ღვინისა, რომელიც სასიამოვნოა მსმელთათვის.“ (მუჰამმედ, 47/15.)

ჩვენ თუ კარგად შევისწავლით ყურანს, სხვა დამატებით განმარტებებზე მიუმართავადაც იოლად გავარკვევთ, რომ იმქვეყნიურ ღვინოსა და ამქვეყნიურ ღვინოს შორის საერთო მხოლოდ სახელია. ეს ორი სასმისი, რომლებიც ერთიდაიგივე სახელის მატარებელია, თავიანთი მახასიათებლებით სრულებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ განსხვავებების დასადგენად საკმარისია აღნიშნული აიათის შემდეგ აიათებთან ერთად განხილვა:

„არ არის მასში ცნობამიხდილობა[1] და ისინი მისგან არც დათვრებიან.[2] (საფფათ, 37/47.)

იქ მოატარებენ ერთმანეთში ფიალებს.[3] არც ფუჭსიტყვაობა იქნება იქ და არც ცოდვის ჩადენა.[4] (ტურ, 52/23.)

 „რომლისგანაც არც თავი ასტკივდებათ და არც გონება აერევათ.[5](ვაყი’ა, 56/19.)

როდესაც აღნიშნულ აიათს სხვა აიათებთან ერთად განვიხილავთ ჩვენ აღარ გაგვიჭირდება იმის აღქმა, რომ სამოთხეში მორწმუნეებისთვის ჯილდოდ დაწესებული ღვინო თვისობრივად ამქვეყნიური ღვინოს მსგავსი არ არის. ჰაფიზი იბნი ქესირი (რჰ.ა.) მუჰამმედ სურას თაფსირში აღნიშნული აიათის განხილვისას წერს:

„ეს ამქვეყნიურ ღვინოს მსგავსად ცუდი გემოსა და სუნის მქონე არ არის. პირიქით ამის შესახედაობაც, გემოც, სუნიც და ეფექტიც კარგი ექნება.“[6]

ამქვეყნიურსა და მიმქვეყნიურ ღვინოს შორის არსებული განსხვავებები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

1.                  ამქვეყნიური ღვინო სატანის ბინძური საქმეა; იმქვეყნიური ღვინო კი უზენაესი ალლაჰის წყალობაა.

2.                  ამქვეყნიური ღვინისთვის დამახასიათებელია, ცუდი გემო, არასასიამოვნო სური და მღვრიე ფერი; იმქვეყნიური ღვინისათვის დამახასიათებელია სასიამოვნო გემო, სუნი და კამკამა ფერი.

3.                  ამქვეყნიური ღვინო მათრობელაა; იმქვეყნიურ ღვინოს თრობა არ ახასიათებს.

4.                  ამქვეყნიური ღვინისათვის დამახასიათებელია თავისა და მუცლის ტკივილი, ასევე ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში სხვადასხვა დაავადებები; იმქვეყნიური ღვინო არ იწვევს არანაირ ტკივილებს დაავადებებსა და სხვა სახის დისკომფორტს.

5.                  ამქვეყნიური ღვინო, როგორც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს ბოროტების დედაა; იმქვეყნიური ღვინო ღვთიური წყალობაა, რომლისგან სიკეთის მეტი არაფერი არ მოდის.

6.                  ამქვეყნიურ ღვინოს ახასიათებს შარდზე შეწუხება, რაც იმქვეყნიური ღვინისთვის უცხოა.

7.                  ამქვეყნიური ღვინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები, საღად აზროვნების უნარს კარგავენ, რაც იმქვეყნიურ ღვინოს არ ახასიათებს.

8.                  ამქვეყნიური ღვინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები გამოირჩევიან ფუჭსიტყვაობით, ტყუილით, აბდაუბდა საუბრითა და ბილწსიტყვაობით, რაც იმქვეყნიურ ღვინოს არ ახასიათებს.

9.                  ამქვეყნიური ღვინო ადამიანს თავის გამჩენს ავიწყებს, რაც იმქვეყნიური ღვინისთვის უცხოა.

10.              ამქვეყნიური ღვინის დალევა ჰარამია; იმქვეყნიური ღვინო კი ჰალალია.

11.              ამქვეყნიურ ღვინოს ახასიათებს მოწამლვა და ღებინება, რაც იმქვეყნიური ღვინისთვის წარმოუდგენელია.

12.              ამქვეყნიური ღვინოს ადამიანისთვის წუხილი, სინანული და უსიამოვნება მოაქვს; ხოლო ისინი, ვინც იმქვეყნიურ ღვინოს დალევენ არასოდეს არ დამწუხრდებიან და არც ინანებენ.

ასე რომ, ამ ორ ღვინოს შორის საერთო მხოლოდ სახელია და სხვა არაფერი.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

06.08.2016 ოზურგეთი

 



[1] ანუ ღვინო მათზე ცუდ ზეგავლენას არ მოახდენს და მუცლის ტკივილს არ გამოიწვევს. ამ განმარტებას აკეთებენ იბნი აბბასი (რ.ა.), მუჯაჰიდი, ყათადე და იბნი ზეიდი. (იბნი ქესირ, თაფსირუ’ლ-ყურანი’ლ-აზიიმ, ტ. IX, გვ. 258.)

[2] ამის შესახებ მუჯაჰიდმა თქვა, რომ ის ღვინო მათ ჭკუას არ წაართმევს. იბნი აბბასი (რ.ა.) მუჰამმედ ბინ ქა’ბი, ჰასანი, ათა ბინ აბუ მუსლიმ ალ-ხორასანი, სუდდი და სხვები ასე ამბობენ: ამქვეყნიურ ღვინოს ოთხი გამორჩეული თვისება ახასიათებს: თრობა, თავის ტკივილი, ღებინება და შარდზე შეწუხება. უზენაესმა ალლაჰმა სამოთხის ღვინო ახსენა და თან დასძინა, რომ მას, ეს თვისებები არ ახასიათებს. (იბნი ქესირ, თაფსირუ’ლ-ყურანი’ლ-აზიიმ, ტ. IX, გვ. 259.)

[3] დაჰჰაქი ამბობს, რომ ისინი ღვინით სავსე ფიალებს ჩამოატარებენ ხელიდან ხელში. (იბნი ქესირ, თაფსირუ’ლ-ყურანი’ლ-აზიიმ, ტ. X, გვ. 378.)

[4] ამ ღვინის დალევის გამო ისინი ფუჭსიტყვაობას არ დაიწყებენ, ისეთ ცუდ სიტყვას არ წარმოთქვამენ, რაც ცოდვაა. ამქვეყნად ღვინოდალეულების მსგავსად არ ილაპარაკებენ. იბნი აბბასი (რ.ა.) ამბობს: აიათში ნახსენები ფუჭსიტყვაობაში სისულელისა და ბათილი სიტყვების წარმოთქმა იგულისხმება. ცოდვის ჩადენაში კი ტყუილის საუბარი იგულისხმებაო. მუჯაჰიდმა თქვა: ისინი ამის დალევის შემდეგ ერთმანეთს გინებას არ დაუწყებენ და ერთმანეთს არც ცოდვაში არ ჩააყენებენ. (იბნი ქესირ, თაფსირუ’ლ-ყურანი’ლ-აზიიმ, ტ. X, გვ. 378.)

[5] იბნი ქესირი ამბობს: ამის დამლევთ როგორც თავი არ ასტკივდებათ ასევე ჭკუასაც არ დაკარგავენ. პირიქით მას ძალიან სასიამოვნო და გამამხიარულებელი ფუნქცია ახასიათებს და ამასთანავე ჭკუა ყოველთვის თავის ადგილას იქნება. (იბნი ქესირ, თაფსირუ’ლ-ყურანი’ლ-აზიიმ, ტ. X, გვ. 522.)

[6] იბნი ქესირ, თაფსირუ’ლ-ყურანი’ლ-აზიიმ, ტ. X, გვ. 178.

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol