Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

saidan gavrcelda cru hadisebi

საიდან გავრცელდა ცრუ ჰადისები?

 
 
 

 

  კითხვა: როგორ მოხდა ცრუ ჰადისების გავრცელება, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდაა გავრცელებული?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ჰადისი მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) სიტყვას ნიშნავს, რომელიც მორწმუნე მუსლიმისთვის რელიგიურ, სოციალურ, პოლიტუკურ თუ მორალურ საკითხებში საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ჰადისის მეცნიერებაში არსებობს, ასეთი ტერმინი „ცრუ ჰადისი“, რაც იმ სიტყვებისა და გამონათქვამების აღსანიშნავად გამოიყენება, რომლებიც სინამდვილეში მუჰამმედ შუამავალს (ს.ა.ს.) არ წარმოუთქვამს, მაგრამ ხალხი მას მიაწერენ. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ლოცავდა და აქებდა იმ ხალხს, ვინც სხვა ადამიანებს სწორად გადასცემდა მის სიტყვებს:

 عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ : نَضَّرَ اللَّهُ عَبْدًا سَمِعَ مَقَالَتِي فَوَعَاهَا ثُمَّ بَلَّغَهَا عَنِّي

ენეს ბინ მალიქისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„უზენაესმა ალლაჰმა სახე გაუბრწყინოს იმ კაცს, რომელმაც მოისმინა ჩემი სიტყვები, კარგად ჩაწვდა მის მნიშვნელობას და შემდეგ სხვებს გადასცა ჩემგან.“ (იბნი მაჯე, მუყადდიმე, 236; თირმიზი, ‘ილმუ ‘ან რასულილლაჰი, 7/2658.)

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) იცოდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ იქნებოდნენ ისეთი პიროვნებები, ვინც მისი სახელით სხვადასხვა ჰადისების შეთხზვას შეეცდებოდნენ, რაზეც თავიდანვე გაგვაფრთხილა:

عَنِ الْمُغِيرَةِ رضي الله عنه قَالَ: سَمِعْتُ النَّبِيَّ   يَقُولُ: إِنَّ كَذِبًا عَلَىَّ لَيْسَ كَكَذِبٍ عَلَى أَحَدٍ، مَنْ كَذَبَ عَلَىَّ مُتَعَمِّدًا فَلْيَتَبَوَّأْ مَقْعَدَهُ مِنَ النَّارِ.

მუღირე ბინ შუბესგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ჩემს შესახებ სიცრუე არ ჰგავს სხვა ვინმეს შესახებ სიცრუეს, ვინც შეგნებულად იცრუოს ჩემს შესახებ, მან გაემზადოს თავისი სამყოფელისთვის, რომელიც ცეცხლია.“ (ბუხარი, ჯენაიზ 33/1291; მუსლიმ, ზუჰდ ვე რეყაიყ, 16/3004; თირმიზი, ‘ილმუ ‘ან რასულილლაჰი, 8/2659; იბნი მაჯე, მუყადდიმე, 37; აბუ დავუდ, ‘ილმ, 4/3651.)

როდესაც ალლაჰის შუამავლისგან (ს.ა.ს.) რაიმე სიტყვის გადმოცემას დავაპირებთ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ორი ჰადისი რომელთაგან ერთი მოგვიწოდებს ჰადისებისა და სუნნეთის გავრცელებას, სხვა ხალხზე გადაცემასა და ისლამის შეყვარებას; ხოლო მეორე ამ საქმეში ზღვარს გვიწესებს და მხოლოდ სიმართლის თქმისკენ მოგვიწოდებს, გვიკრძალავს ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაციების გავრცელებას. შუამავლის სიტყვები წმინდა ყურანის შემდეგ პირველ ადგილზე მყოფი არგუმენტია. ამიტომ თუ არ მოხდა ჰადისების დახარისხება, შეიძლება ვიღაც რიგითი ადამიანის სიტყვები და ინტერესები შარიათის ნაწილად ვაქციოთ. ამიტომ კომპეტენტური სწავლულების შეფასებებზე მიმართვის გარეშე და ჰადისების სინამდვილობის გადამოწმების გარეშე ყველა სიტყვის ჰადისად აღიარება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.

ჰადისის მეცნიერებმა განავითარეს ჰადისის გადმომცემთა ჯაჭვისა და მათი ნამდვილობის შემსწავლელი მექანიზმები, რომლის ფარგლებშიც ხდება ჰადისის გადმომცემთა ჯაჭვში ხსენებული პიროვნებების იდენტიფიცირება, მათი ბიოგრაფიებისა და სანდოობის შესწავლა, ახალგაზრდობასა და სიბერეში მეხსიერების მდგომარეობის განსაზღვრა და ასევე თვით ტექსტის მრავალმხრივი გადამოწმება. აღნიშნული პროცედურების შედეგად მოხდა ჰადისების დახარისხება, სანდო, ნაკლებად სანდო და ცრუ ჰადისის კატეგორიებად. დღეს ეს ყველაფერი დახარისხებული და ცალკეული კრებულების სახით მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე ყველასათვის ხელმისაწვდომია. ჰადისის სწავლულებს ასევე შედგენილი აქვთ ცრუ ჰადისების კრებულები, სადაც გადმოცემულია ცრუ ჰადისები და მათ სიცრუის მამხილებელი არგუმენტები. დღეისათვის სანდო და არასანდო ჰადისების განსხვავებისთვის აღნიშნულ კრებულებზე მიმართვა და კომპეტენტურ სწავლულთა დასკვნების შესწავლა საკმარისია.

რაც შეეხება ცრუ ჰადისების შეთხზვისა და გავრცელების მიზეზებს, ამას ისტორიის მანძილზე სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა მიზეზები ქონდა. ამათგან ზოგიერთები შემდეგია:

1) ისლამის მიმართ სიძულვილი და მტრობა: მაგალითად ერთ-ერთი ცრუ ჰადისების შემთხზველი აბდულქერიმ ბინ ავჯა (გთ. 160/776) ხალიფა მეჰდის დროს ცრუ ჰადისების შეთხზვაში გამოამჟღავნეს, რის გამოც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. სასჯელის აღსრულების წინ მან ასე განაცხადა: „თქვენს რჯულში ოთხი ათასი ჰადისის შეთხზვა მაინც მოვახერხე, რომლებიც ჰალალს ჰარამად და ჰარამს ჰალალად აცხადებს.“

2) პოლიტიკური შეხედულებების გამართლება: მაგალითად ხალიფა ოსმანის მკვლელობის შემდეგ, მუსლიმთა საზოგადოებაში სხვადასხვა არეულობებმა და პოლიტიკურმა შეხედულებებმა იჩინა თავი, რომლის შემდეგაც გაჩნდა ცრუ გადმოცემები, სადაც შუამავლის სახელით შექებულია ალის მმართველობა ან გაკიცხულია ემევიელთა და აბბასიდთა დინასტია და მათი მმართველობა.

3) რომელიმე მეზჰების უპირატესყოფა: სხვადასხვა მეზჰებების მიმდევრები თავიანთი იმამების უპირატესობის დასამტკიცებლად, სხვადასხვა ცრუ ჰადისებს თხზავდნენ. მაგალითად: „ჩემს უმმეთში ერთი კაცი იჩენს თავს, სახელად მუჰამმედ ბინ იდრისი (აშ-შაფი), ის ჩემს უმმეთს იბლისზე (სატანა) უფრო დიდ ზიანს მიაყენებს.“ ან კიდევ: „ჩემს უმმეთსი ერთი კაცი იჩენს თავს, სახელად აბუ ჰანიფა, ის ჩემი უმმეთის ჩირაღდანია.“ (იბნუ’ლ-ჯევზი, მევდუ’ათ, ტ. II, გვ. 48-49.)

4) რომელიმე ნაციის უპირატესყოფა: ნაციონალური გრძნობებით შეპყრობილი ადამიანები ცრუ ჰადისების შეთხზვით რომელიმე ერის, ენის ან ქალაქის ქებით მათი უპირატესობის დამტკიცებას ან პირიქით მათი ლანძღვით ცდილობდნენ მათ დამცირებას. მაგალითად: „ალლაჰის წინაშე ყველაზე საყვარელი ენა სპარუსია“, „სამოთხის მკვიდრთა ენა არაბულია“ და მსგავსი.

5) კარგი საქმეების წახალისება და ცუდისგან მორიდება: ხალხი რაც უფრო შორდებოდნენ შუამავლის დროსა და მის თანამედროვე ხალხს, მით უფრო უცივდებოდათ ისლამის მიმართ გულმხურვალება, თანდათან შეამცირეს ღვთისმსახურებები, კეთილი საქმეები და ამქვეყნიური სიკეთეების მოხვეჭას მიეძალნენ. აღნიშნული მდგომარეობით დამწუხრებული ზოგიერთი ასკეტები ცრუ ჰადისების შეთხზვით ცდილობდნენ ხალხის ღვთისმსახურებისკენ წახალისებას, ამქვეყნიურისგან გარიდებას და მათ რწმენის საქმეში ჩაყენებას. ამ კატეგორიის ხალხი ყველაზე მეტად ნამაზისა და მარხვის შესახებ თხზავდნენ ცრუ ჰადისებს, რომლებშიც სხვადასხვა კონკრეტულ თარიღებში მარხვაზე რამდენიმე წლის მადლს ან ცოდვების პატიებას ჰპირდებოდნენ. ან რომელიმე კონკრეტულ დღეს, კონკრეტული მუხლების ოდენობის ნამაზის შესრულებაზე, რამდენიმე წლის მადლს, სამოთხეში კოშკებსა და ცოდვების მიტევებას პირდებოდნენ. მაგალითად: „რომელი თქვენგანიც ორშაბათ საღამოს ექვს მუხლ ნამაზს შეასრულებს, ყოველ მუხლზე ეფრთ ფათიჰასა და ოც იხლასს იკითხავს, ამის შედეგ შვიდჯერ „ასთაღფირულლაჰ“ იტყვის, განკითხვის დღეს უზენაესი ალლაჰი მას ათასი გულწრფელი მორწმუნეს, ათასი ღვთისმოსავის და ათასი ასკეტის მადლს დაუწერს. განკითხვის დღეს მას თავზე მბრწყინავ გვირგვინს დაადგამენ, იმ დღეს როდესაც ყველა ღელავს, მას არანაირი დარდი არ ექნება და ბეწვის ხიდს ელვასავეთ გაივლის.“ (იბნუ’ლ-ჯევზი, მევდუ’ათ, ტ. II, გვ. 117.)

6) პირადი ინტერესების წინა პლანზე წამოწევა: ზოგიერთები ვაჭრობის, კამათის ან სხვა მსგავსი მოპირისპირე ურთიერთობებისას თავისი ინტერესების გასატანად ან სახელმწიფო მმართველების გულის მოსაგებად, მათი არასწორი ქმედებების გასამართლებლად ცრუ ჰადისების შეთხზვას ცდილობდნენ. მაგალითად: „ღიას ბინ იბრაჰიმი ხალიფა მეჰდისთან რაღაც საქმისთვის მივიდა. როდესაც დაინახა, რომ ხალიფა მტრედების გაწვრთნითა და შეჯიბრებით იყო დაკავებული მაშინ ღიასმა ხალიფას წაუკითხა ჰადისი, სადაც თავისი სიტყვები ჩაუმატა: „მეისრეობის, აქლემების, ცხენების და ჩიტების გარდა სხვა რამეების შეჯიბრების მოწყობა და ამ გზით ჯილდოს მიღება დაუშვებელია“  ხალიფა მეჰდის, ღიასის სიტყვები ესიამოვნა და გარკვეული ღირებულების ჯილდოთი დაასაჩუქრა. შემდეგ ხალიფამ, როდესაც ჰადისის ნამდვილ ფორმას გაეცნო და ნახა, რომ ჰადისში სიტყვა „ჩიტი“ ღიასს შეგნებულად ქონდა ჩამატებული, ღიასს მატყუარა უწოდა და კარიდან გააძევა. შემდეგ მსახურებს მტრედების დკლა უბრძანა, რადგანაც ჰადისის შეთხზვის მიზეზდა იქცნენო.“ (იბნუ’ლ-ჯევზი, მევდუ’ათ, ტ. II, გვ. 78.)

7) მეზღაპრეები: მეზღაპრე მქადაგებლები საკმაოდ სახელგანთქმულები იყვნენ, რომლებიც ხალხს სხვადასხვ ფანტაზიებით მოკაზმულ ამბებს უყვებოდნენ და მათ გაოცებას იწვევდნენ. ისინი იმ დროის გამორჩეული არტისტები იყვნენ. სხვადასხვა ცრუ ინფორმაციებისა და ჰადისების შეთხზვით ხალხის ყურადღებასა და ინტერესს იზიდავდნენ. რაც უფრო უცხო და გაუგონარ ამბებს გადმოსცემდნენ, რომლებიც სხვებმა არ იცოდნენ, მით უფრო მეტ განსწავლულად მოქონდათ თავი. ჰადისის იმამები ასეთ ხალხთან ჰადისების გადმოცემას ერიდებოდნენ, რადგანაც ისინი ამ ჰადისებს ათასნაირად გააფორმებდნენ, გააზვიადებდნენ და ისე გადასცემდნენ ხალხს.

და ბოლოს მინდა დავესესხო თურქ პროფესორს მ. იაშარ ქანდემირის ნაშრომს, სადაც მოკლედ აქვს აღწერილი ცრუ ჰადისების ძირითადი მახასიათებლები და მათი გამოცნობის მეთოდები:

ცრუ ჰადისები ძირითადად შემდეგი ხასიათისაა:

·        ჰადისები, რომლებიც წლის ან კვირის კონკრეტული დღეებისთვის ნამაზის განსაკუთრებული შესრულებას მოგვიწოდებს.

·        რეჯების მთვარის და ამ მთვარეში მარხვის მადლიანობის შესახებ ჰადისები.

·        სამომავლოდ კონკრეტულ თარიღებში კონკრეტული მოვლენების მოხდენის შესახებ ჰადისები.

·        ყიამეთის ნიშნების კონკრეტულ მთვარეებში მოხდენის შესახებ ჰადისები.

·        თურქების, ეთიოპიელების, სუდანელების და სხვა ერების დამამცირებელი ჰადისები.

·        იმამი აბუ ჰანიფას ან შაფის სახელების მოხსენებით ქების ან კიცხვის შესახებ ჰადისები.

·        ხიდირის ან ილიასის სიცოცხლის შესახებ ჰადისები.

·        მურჯია, ჯაჰმია, ყადერია, აშ’არია და მსგავსი მეზჰებების შესახებ ჰადისები.

·        ალექსანდრია, დიმიათ, ბასრა, ბაღდათ, ქაზვინ, იორდანია, აბადან, ჯიდდა, ასყალან, ნუსაიბინ, ანტიოქია, ხორასან, მერვ, ბუხარა, სამარყანდ, თუს, ჰერეთ, ქაირევან, მაროკო და მსგავსი გეოგრაფიული ერთეულების ქების ან კიცხვის შესახებ ჰადისები.

·        შუამავლის ან სხვა სახელოვანი პიროვნებების საფლავების შესახებ ჰადისები.

·        აშურას დღის მადლიანობის, ამ დღეს მორთვა-მოკაზმვის, დამწუხრების, განსაკუთრებული ნამაზის შესრულების, მოწყალების გაღების, აშურას კერძის მომზადების შესახებ ჰადისები.

·        ოსპი, ბრინჯი, ბარდა, ბადრიჯანი, ფორთოხალი, ყურძნი, პრასა, საზამთრო, ნიგოზი, ყველი, ხალვა და მსგავსი პროდუქტების ან ვარდი, ნარცისი, ია და მსგავსი მცენარეების შესახებ ჰადისები.

·        ქუჩაში ჭამის, ხორცის დანით დაჭრის ამკრძალავი ან ხორცის მადლიანობის შესახებ ჰადისები.

·        ჰადისები, რომლებშიც აიშა (რ.ა.) „ჰუმეირა“ მეტსახელითაა მოხსენებული.

·        ალი ბინ აბუ ტალიბის (რ.ა.) ქების და შუამავლის მხრიდან მასზე ანდრეძის დაბარების შესახებ ჰადისები.

·        ბავშვზე მუჰამმედის ან აჰმედის დარქმევის მადლიანობის შესახებ ჰადისები.

·        შვილის ლანძღვის შესახებ ჰადისები.

·        ჰადისები, რომლებიც დაუქორწინებლობას აქებს.

·        აქატის ქვისგან დამზადებული თვლის მქონე ბეჭდის ტარების მადლიანობის შესახებ ჰადისები.

ცრუ ჰადისების გამოცნობის მეთოდებბი:

1.      თვით ჰადისის შემთხზველის აღიარება,

2.                  ჰადისის ტექსტში ან მნიშვნელობაში დარღვევისა და შეუსაბამობის არსებობა,

3.                  სანდო ჰადისის ლიტერატურაში თუ არ იმყოფება,

4.                  როდესაც პიროვნება ისეთ რამეს ამტკიცებს დავინახეო, რაც წესით მის გარდა სხვა ბევრ ვინმეს უნდა დაენახა,

5.                  თუ ყურანსა და სარწმუნო სუნნეთს ეწინააღმდეგება,

6.                  თუ საღ გონებას, გრძნობებსა და თვალით ხილულ რეალობას ეწინააღმდეგება,

7.                  ისტორიული მოვლენების შეუსაბამობა.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

01.04.2017 ბათუმი

 

გამოყენებული მასალები:

Prof. DR. İsnail Lütfi ÇAKAN, Hadis Usûlü, Marmara İlahiyat Fakültesi Vakfı Yayınları, İstanbul, 2012.

http://www.hadisusulu.com/hadis-turleri/baslica-hadis-uydurma-sebepleri.html (01.04.2017)

http://sonpeygamber.info/mevzu-hadisler (01.04.2017)


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol