Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

xelze kocna

დასაშვებია თუ არა ხელზე კოცნა?

 
 
 



კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ისლამის წესების თანახმად რამდენად მიღებულია ხელზე კოცნა?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ისლამი ზოგადად არ კრძალავს უფროსების მიმართ პატივისცემის, დაფასების, სიყვარულისა და მისალმების ნიშნად ხელზე კოცნას. ეს შეიძლება იყოს მშობელი, ბებია-ბაბუა, ალიმი, უხუცესი ან სხვა ვინმე, ვინც სიყვარულასა და პატივისცემას იმსახურებს. ისლამის სწავლულთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს თუ იქნება პატივისცემის, სიყვარულისა და დაფასების გამოხატვის მიზნით, მასში ცუდი არაფერია. ოღონდ ეს თუ ქედის მოხრის, თავის დამცირების და მათი განდიდების მიზნით ან მათგან ბარაქასა და მადლის მოლოდინით კეთდება, ეს არ შეიძლება. მუსლიმურ საზოგადოებაში საპატიო პიროვნების კოცნა განსხვავებული ტრადიციების მქონე ხალხის ნაყოფია, რაც  სხვადასხვა კულტურებში განსხვავებული ფორმით გამოიხატება. მაგალითად ჩვენს საზოგადოებაში მსგავსი ფორმა არ არის გავრცელებული. ჩვენს ხალხს ძირითადად გადახვევა და ლოყაზე კოცნის ჩვევა ახასიათებს. ამიტომაც გვიკვირს, როდესაც ვხედავთ რომ სხვები უფროსებს ხელებს უკოცნიან. მაგალითად თურქულ და აზიურ საზოგადოებაში ხელზე კოცნა, ხოლო არაბულ საზოგადოებაში შუბლზე კოცნაა გავრცელებული. ეს ყველაფერი ამა თუ იმ საზოგადოებაში მიღებული ნორმებია, რომლითაც ცდილობენ მეორე მხარეს აგრძნობინონ მათდამი სიყვარული და პატივისცემა. სიყვარულის, სიხარულისა და პატივისცემის მსგავსი გამოხატულებები შუამავლის (ს.ა.ს.) დროსაც არ იყო უცხო:

როგორც აბდულლაჰ ბინ ომარი (რ.ა.) გადმოგვცემს, თვითონ ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) მიერ წარგზავნილ ერთ-ერთ რაზმში იმყოფებოდა. აბდულლაჰ ბინ ომარი (რ.ა.) იქ მომხდარს ასე გადმოგვცემს: „ჯარმა მტრის წინაშე მარცხი განიცადა. მეც დამარცხებულთა შორის ვიყავი. როდესაც თავი სამშვიდობოს ვიგულეთ, ფიქრი დავიწყეთ თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით? ჩვენ ხომ ბრძოლის ველიდან გამოვიქეცით და ალლაჰის რისხვა დავიმსახურეთ? შემდეგ მედინაში დაბრუნება, დღის იქ გატარება და ღამით ყველასგან მალულად სახლებში დაბრუნება გადავწყვიტეთ. ბოლოს ვთქვით, რომ შუამავალთან თუ მივიდოდით და მდგომარეობას ავუხსნიდით უფრო უკეთესი იქნებოდა. თუ ჩვენი საქციელის მონანიება აუცილებელი იქნებოდა მაშინ მოვინანიებდით და გულდამშვიდებული დავრჩებოდით მედინაში. თუ ამის გარდა სხვა რამე დაგვეკისრებოდა იმასაც გავაკეთებდით. ასეთი გადაწყვეტილებით მეჩეთში მივედით და ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) დასალოდებლად დავსხედით. შუამავალი როდესაც სახლიდან გამოვიდა, ჩვენც წამოვდექით, მას მივუახლოვდით და ომიდან გამოვიქეცითო ვუთხარით. შუამავალმა (ს.ა.ს.) გვითხრა:

„არა, თქვენ ბრძოლის ველიდან გაქცეული მშიშრები არ ხართ! თქვენ ხართ ჯარი, რომელმაც გამოიქცა თუმცა ახალი საბრძოლო სტარტეგიით უკან დაბრუნდება.“ ამის გაგონებაზე შუამავლს მივუახლოვდით და ხელზე ვაკოცეთ. შუამავალმა კი გვითხრა:

„მეც მუსლიმთა რაზმის ერთ-ერთი წევრი ვარო.“ (აბუ დავუდ, ჯიჰად 2647. მუჰამმედ ნასირუდდინ ალ-ალბანი დასძენს, რომ ეს ჰადისი სუსტია.)

საფვან ბინ ასალი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ერთმა იუდეველმა თავის მეგობარს უთხრა: შუამავალთან წაგვიყვანე. მეორემ უთხრა: მას შუამავალს ნუ ეძახი, მან რომ ეგ გაიგოს, სიხარულით თვალს ოთხმაგად გაახელსო. შემდეგ ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) მივიდნენ და მუსა შუამავალზე (ა.ს.) დაკისრებული ცხრა ბრძანების შესახებ ჰკითხეს. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მათ ასე ჩამოუთვალა: ალლაჰს არაფერი თანაუზიაროთ, არ იქურდოთ, არ იმრუშოთ, არ მოკლათ სული, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა აგიკრძალათ, უდანაშაულო კაცი ცრუ ბრალდებით მმართველებთან არ მიიყვანოთ, რათა სიკვდილით დასაჯონ იგი, ჯადოს მოერიდეთ, არ მიირთვათ ვახში, პატიოსან ქალს უზნეობა არ დააბრალოთ, ბრძოლიდან არ გაიპაროთ, ებრაელებმა შაბათის აკრძალვა არ დაარღვიოთ. ამის შემდეგ იუდეველებმა, მოწმე ვართ რომ შენ ნამდვილად შუამავალი ხარო უთხრეს და ხელ ფეხი დაუკოცნეს. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მათ უთხრა: თუ ასეა მაშ რა გაბრკოლებთ, რომ დამემორჩილოთ? ებრაელებმა ასე უთხრეს: დავუდ შუამავალმა (ა.ს.) ღმერთს შეევედრა, რომ შუამავლები ყოველთვის მისი შთამომავლობიდან ყოფილიყვნენ. ახლა ჩვენ, რომ შენ დაგემორჩილოთ, ვშიშობთ, რომ ებრაელები დაგვხოცავენო.“ (თირმიზი, 2733; იბნი მაჯე, ედებ 27. თირმიზი დასძენს, რომ ეს ჰადისი ჰასენ საჰიჰია.)

სელეფთა ცხოვრებაში საპატიო პიროვნებების პატივისცემის ნიშნად ხელზე კოცნის არაერთი პრაქტიკული მაგალითის ხილვაა შესაძლებელი.[1]

თამიმ ბინ სელემე გადმოგვცემს:

„როდესაც ომარ ბინ ხატტაბმა (რ.ა.) შამიდან დაბრუნდა, მას მიეგება საჰაბე აბუ უბეიდა ბინ ჯერრაჰი (რ.ა.) და ხელზე ემთხვია. შემდეგ ორივემ ტირილი დაიწყეს.“ თამიმი იქვე დასძენს, რომ „ხელზე კოცნა სუნნეთია.“ (ბეიჰაყი, სუნენულ ქუბრა, 7/101.)

იმამი ნავავი (რჰ.ა.) ამბობს:

„მორწმუნე, ღვთის მოშიში, ალიმი და მსგავსი ღვთისმოსავთა ხელის კოცნა მუსთეჰაბია; მაგრამ სიმდიდრის, სიამაყის, პოპულარულობის, ღირსების და მსგავსი ამქვეყნიური მიზეზების გამო ვინმეს ხელის კოცნა მკაცრად მექრუჰია. მუთეველლი ამბობს, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.“ (მეჯმუ’ 4/636.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

08.01.2017 ბათუმი

 



[1] მაგალითებისა და დეტალებისთვის იხ. იბნი ჰაჯერ ალ ასყალანი, „ფეთჰულ ბარი“ ტ. 11, გვ. 58.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol