Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

sapirispiro skesze xelis camortmeva

საპირისპიროს სქესზე ხელის ჩამორთმევა

 
 
 

კითხვა: დასაშვებია თუ არა მუსლიმმა საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ხელი რომ ჩამოართვას?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამი ყოველთვის გვირჩევს გარკვეული დისტანცია ვიქონიოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, რაც მაღალი ზნეობის, რიდისა და სირცხვილის გრძნობის მქონე უმანკო საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ყველა ჩვენგანისთვის კარგად ცნობილია, რომ ყველა ჯანმრთელ ადამიანს საპირისპირო სქესის მიმართ ბუნებრივი ლტოლვა გააჩნია. ეს გრძნობა ღვთის მიერ ბოძებულ იმ მრავალ გრძნობებსა და მიდრეკილებებს შორის ერთ-ერთია, რომლებსაც თავიანთი რეალიზების არეალი და მარეგულირებელი მექანიზმები გააჩნია. მაგალითად ყველა ადამიანს თანდაყოლილი აქვს შიმშილის გრძნობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა ჭამოს. მას ჰალალისა და ჰარამის მექანიზმი არეგულირებს. ყველა ადამიანს თანდაყოლილი აქვს სიმდიდრისა და ქონების მოხვეჭისკენ მიდრეკილება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც მოეწონება ყველაფერს ხელი უნდა დასტაცოს და მიითვისოს. ასევე ყველა ადამიანს ბუნებრივად ახასიათებს საპირისპირო სქესის მიმართ ლტოლვა, რაღაცნაირად უხარია და მოსწონს მათთან ყოფნა, ასეთ გარემოში თავს კარგად გრძნობს და მსგავსი სიმპტომები ამ ლტოლვის ძირითადი მახასიათებლებია. ისლამში ამ ყველაფერს თავისი რეალიზების არეალი გააჩნია და მის ფარგლებში ეს გრძნობა სასურველი და აუცილებელიც კია. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება საზოგადოების დეგრადაცია, მათი გარყვნა, სულიერი და ფიზიკური გადაგვარება. ისეთ გარემოში სადაც ღვთის მიერ დადგენილ ნორმებს არად მიიჩნევენ, ხდება ამ გრძნობების ფუჭი ხარჯვა, გაუფასურება და გაუკუღმართება, რის შედეგებსაც ცუდად იმკის დღევანდელი მსოფლიო.

უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს:

وَلَا تَقْرَبُوا الزِّنٰى اِنَّهُ كَانَ فَاحِشَةً وَسَاءَ سَبٖيلًا

„არ მიუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა.“ (ისრა, 17/32.)

აიათს თუ კარგად დავუკვირდებით ის არ გვეუბნება არ იმრუშოთო, არამედ მასთან მიახლოვებასაც კი გვიკრძალავს. ისლამი ამ პრობლემისკენ მიმავალ გზას დასაწყისშივე კეტავს და ბრძანებს, რომ არ მიუახლოვდე მას, მისკენ ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ცოდვისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები ფიზიკური სიახლოვე, ხვევნა-კოცნა და ხანგრძლივი ურთიერთობაა. ამ ნაბიჯების გაუვლელად შემთხვევით ქუჩაში შემხვედრ სრულიად უცხო ადამიანთან არავინ არ მრუშობს.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

لاَ يَخْلُوَنَّ رَجُلٌ بِامْرَأَةٍ إِلاَّ كَانَ ثَالِثَهُمَا الشَّيْطَانُ.

„კაცი უცხო ქალთან ისე ვერ განმარტოვდება, რომ მათთან მესამე სატანა არ იყოს.“ (თირმიზი, ფითენ, 7/2165. მუჰამმედ ნასირუდდინ ალბანიმ შეიტანა თავის საჰიჰი ჰადისების კრებულში ნომრით: 2165 და დასძენს, რომ ეს ჰადისი საჰიჰია.)

რაც შეეხება კონკრეტულად საპირისპირო სქესის  წარმომადგენელზე ხელის ჩამორთმევის ამკრძალველ ჰადისებს, ისინი შემდეგია:

لَأنْ يُطعَنَ في رأسِ أحدِكم بمِخيَطٍ من حديدٍ خيرٌ لهُ مِنْ أن يَمَسَّ امرأةً لا تَحِلُّ لهُ

„რომელიმე თქვენგანს თავში რკინის ნემისი რომ ჩაარჭონ ის უფრო უმჯობესია, ვიდრე უცხო ქალზე შეხება.“ (ტაბერანი მუ’ჯემუ’ლ-ქებირ, 20/211-212 ჰ.ნ. 486, მუსნედ, 2/323 ჰ.ნ. 1283, ბეიჰაყი. მუჰამმედ ნასირუდდინ ალბანიმ შეიტანა თავის საჰიჰი ჰადისების კრებულში ნომრით: 5045 და დასძენს, რომ ეს ჰადისი საჰიჰია.)

عَنْ مَعْقِلِ بْنِ يَسَارٍ: أَنّ النَّبِيَّ  كَانَ يُصَافِحُ النِّسَاءَ مِنْ تَحْتِ الثَّوْبِ.

მა’ყილ ბინ იესარი (რ.ა.) გადმოგვცემს: „ალაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ქალებს ხელს სამოსის ქვეშ ართმევდა.“ (ტაბერანი, მუ’ჯემუ’ლ-ევსატ, ჰ.ნ. 2939.)

როგორც ისტორიული წყაროები გვატყობინებენ, შუამავლის დროს ახალგამუსლიმანებულები შუამავალთან მოდიოდნენ, ისლამს აღიარებდნენ და ერთგულების ფიცს დებდნენ. ფიცის დადებისას ისინი შუამავალს ხელს ართმევდნენ ან თავიანთ ხელს შუამავლის ხელზე დაადებდნენ და ამგვარად დებდნენ ფიცს. სხვადასხვა ჰადისებში ასეთი ფიცის დადების პროცესზეა მოთხრობილი, სადაც ვკითხუულობთ:

عَنْ عَائِشَةَ، زَوْجَ النَّبِيِّ  قَالَتْ: كَانَتِ الْمُؤْمِنَاتُ إِذَا هَاجَرْنَ إِلَى رَسُولِ اللَّهِ  يُمْتَحَنَّ بِقَوْلِ اللَّهِ عَزَّ وَجَلَّ: يَا أَيُّهَا النَّبِيُّ إِذَا جَاءَكَ الْمُؤْمِنَاتُ يُبَايِعْنَكَ عَلَى أَنْ لاَ يُشْرِكْنَ بِاللَّهِ شَيْئًا وَلاَ يَسْرِقْنَ وَلاَ يَزْنِينَ‏‏ إِلَى آخِرِ الآيَةِ.‏ قَالَتْ عَائِشَةُ: فَمَنْ أَقَرَّ بِهَذَا مِنَ الْمُؤْمِنَاتِ فَقَدْ أَقَرَّ بِالْمِحْنَةِ وَكَانَ رَسُولُ اللَّهِ  إِذَا أَقْرَرْنَ  بِذَلِكَ مِنْ قَوْلِهِنَّ قَالَ لَهُنَّ رَسُولُ اللَّهِ :‏ انْطَلِقْنَ فَقَدْ بَايَعْتُكُنَّ.‏ وَلاَ وَاللَّهِ مَا مَسَّتْ يَدُ رَسُولِ اللَّهِ  يَدَ امْرَأَةٍ قَطُّ.‏ غَيْرَ أَنَّهُ يُبَايِعُهُنَّ بِالْكَلاَمِ - قَالَتْ عَائِشَةُ - وَاللَّهِ مَا أَخَذَ رَسُولُ اللَّهِ  عَلَى النِّسَاءِ  قَطُّ إِلاَّ بِمَا أَمَرَهُ اللَّهُ تَعَالَى وَمَا مَسَّتْ كَفُّ رَسُولِ اللَّهِ  كَفَّ امْرَأَةٍ قَطُّ وَكَانَ يَقُولُ لَهُنَّ إِذَا أَخَذَ عَلَيْهِنَّ: قَدْ بَايَعْتُكُنَّ.

ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) მეუღლე ‘აიშა (რ.ა.) გადმოგვცემს:

„მორწმუნე ქალებმა როდესაც ალლაჰის შუამავალთან ჰიჯრეთი გააკეთეს უზენაესი ალლაჰის შემდეგი სიტყვების თანახმად ისინი გამოცდას გადიოდნენ: - „ჰეი შუამავალო! თუ მოვლენ შენთანმორწმუნე ქალები, რომლებიც შემოგფიცავენრომ
არავის ეთაყვანებიან, გარდა ალაჰისა, არმოიპარავენ, არ იმრუშებენ ...“
[1] ‘აიშა ამბობს: მორწმუნე ქალებიდან ვინც ამ პირობებს აღიარებდა, მას გავლილი ქონდა გამოცდა. როდესაც ქალები სიტყვიარ თანხმობას გამოხატავდნენ ამ პირობების მიმართ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მათ ეუბნებოდა: შეგიძლიათ წახვიდეთ, თქვენ უკვე ფიცი დადებული გაქვთ. ალლაჰს ვფიცავარ ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ხელი არავითარ შემთხვევაში არ შეხებია ქალის ხელს. ის ქალებისგან მხოლოდ სიტყვიერ ფიცს ღებულობდა. ‘აიშა (რ.ა.) ამბობს: ალლაჰს ვფიცავარ, ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ქალებისგან ფიცი სხვა არანაირი ფორმით არ აუღია გარდა იმისა, რაც უბრძანა უზენაესმა ალლაჰმა. და მისი ხელის მტევანი სხვა ქალის ხელის მტევანს არავითარ შემთხვევაში არ შეხებია. როდესაც მათგან სიტყვიერ ფიცს აიღებდა, მათ ეუბნებოდა: თქვენ უკვე ფიცი დადებული გაქვთ.“ (მუსლიმ, იმან, 21/1866; ბუხარი, შურუტ, 1/2713; თირმიზი, თაფსირ, 3621; იბნი მაჯე, ჯიჰად, 2985; აბუ დავუდ, ხარაჯ ვე იმარე, 9/2941.)

ქალები თუ დააპირებდნენ მასზე ხელის ჩამორთმევას, ის ამაზე უარს ეუბნებოდა:

عَنْ أُمَيْمَةَ بِنْتِ رُقَيْقَةَ، أَنَّهَا قَالَتْ: أَتَيْتُ النَّبِيَّ  فِي نِسْوَةٍ مِنَ الأَنْصَارِ نُبَايِعُهُ فَقُلْنَا: يَا رَسُولَ اللَّهِ نُبَايِعُكَ عَلَى أَنْ لاَ نُشْرِكَ بِاللَّهِ شَيْئًا وَلاَ نَسْرِقَ وَلاَ نَزْنِيَ وَلاَ نَأْتِيَ بِبُهْتَانٍ نَفْتَرِيهِ بَيْنَ أَيْدِينَا  وَأَرْجُلِنَا وَلاَ نَعْصِيَكَ فِي مَعْرُوفٍ.‏ قَالَ: فِيمَا اسْتَطَعْتُنَّ وَأَطَقْتُنَّ. قَالَتْ قُلْنَا: اللَّهُ وَرَسُولُهُ أَرْحَمُ بِنَا هَلُمَّ نُبَايِعْكَ يَا رَسُولَ اللَّهِ. فَقَالَ رَسُولُ اللَّهِ : إِنِّي لاَ أُصَافِحُ النِّسَاءَ إِنَّمَا قَوْلِي لِمِائَةِ امْرَأَةٍ كَقَوْلِي لاِمْرَأَةٍ وَاحِدَةٍ أَوْ مِثْلِ قَوْلِي لاِمْرَأَةٍ وَاحِدَةٍ.

‘უმეიმა ბინთ რუყეიყა (რ.ა.) გადმოგვცემს:

რამდენიმე ენსარელ ქალებთან ერთად ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) ფიცის დასადებად მივედით და ვუთხარით:

„ალლაჰის შუამავალო! ფიცს ვდებთ, რომ არაფერს თანავუზიარებთ ალლაჰს, არ ვიქურდებთ, არ ვიმრუშებთ, არ ვიქნებით ცილის მწამებელნი, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ და არ გეურჩებით კეთილ საქმეებში. შუამავალმა (ს.ა.ს.) დასძინა: რამდენსაც შეძლებთ და ღონე შეგწევთო. ამაზე ჩვენ ვთქვით, რომ ალლაჰსა და მის შუამავალს უფრო ვებრალებით ვიდრე ჩვენ გვებრალება ჩვენი თავი. ალლაჰის შუამავალო ნება მოგვეცი ჩვენი ხელები დავადოთ შენს ხელს და ისე დავდოთ ფიცი. შუამავალმა (ს.ა.ს.) გვითხრა: უეჭველად, მე ქალებს ხელს არ ვართმევ. უეჭველად, ჩემი ასი ქალის წინაშე ნათქვამი სიტყვა იგივეა, როგორც პირადად ერთი ქალისთვის მითქვამს და იგივეა ერთი ქალის მიერ დადებული სიტყვა დანარჩენი ქალებისთვისაც.“ (ნესაი, ბეი’ათ, 18/4181; მუვატტა, ბეი’ათ, 1812; იბნი მაჯე, ჯიჰად, 2984.)

როგორც ვიცით ფიცის დადების რიტუალი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ხელის ჩამორთმევა ან ხელის ხელზე შეხება თან ახლავს. მამაკაცები თითო-თითო მიდიოდნენ შუამავალთან და ყველა პირადად დებდა ერთგულების ფიცს შუამავლის წინაშე. შუამავალმა ამ რიტუალის მიზნითაც კი არ ჩამოართვა უცხო ქალებს ხელი და ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი სხვა მიზანი არ არსებობს.გამონაკლისი მხოლოდ მკურნალობის, სისხლის აღების ან სამაშველო ოპერაციების დროს წარმოქმნილი აუცილებელი მდგომარეობებია. ამ საკითხზე ისლამის ოთხი მეზჰების ყველა სწავლული ერთიანად თანხმდება, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელზე ხელის ჩამორთმევა ან სხვა ფორმით მათზე შეხება ჰარამია.

ვინმე თუ იტყვის, მე გული სუფთა მაქვს და ცუდს არასოდეს გავიფიქრებ, ასე რომ რა საჭიროა ასეთი მკაცრი დისტანციის დაცვაო, მას ასე ვუპასუხებთ:

შენი გული სუფთაა, თუმცა სატანა ყოველთვის ბოროტს ჩასჩურჩულებს ადამიანს.

შენ საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, თუმცა რით ხარ დარწმუნებული საპირისპირო მხარეში?

ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ალლაჰი ყოველთვის იცავდა ცოდვისგან და მას ამ საკითხში გარანტია ჰქონდა, თუმცა მან თავი შეიკავა ასეთი რამისგან და ამბობდა: თავში რკინის ნემსი რომ ჩაგარჭონ ის უფრო უმჯობესიაო. ნუთუ შუამავალს ცუდი ზრახვები ჰქონდა? რათქმაუნდა არა. ცოდვისგან დაცული შუამავალი, როდესაც ასე იქცეოდა, ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ცოდვით სავსე ადამიანებმა უფრო მეტად უნდა მოვერიდოთ ამ საქმეს და მაგალითი მისგან უნდა ავიღოთ, ვისაც საუკეთესო უწოდა უზენაესმა თვის წიგნში.

წარმატებისა და ცოდნის მომცემი ალლაჰია, ვისაც ვადიდებთ და ვეთაყვანებით. სალამი და ლოცვა მის შუამავალს.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

27-08-2015 ბათუმი



 

[1] მუმთეჰინა, 60/12


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol