abdesis shemdeg xelsaxocis gamoyeneba
დანის ტარება სუნნეთია?

კითხვა: აბდესის შემდეგ ხელსახოცით შემშრალება შეიძლება?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
აბდესის აღების შემდეგ ხელსახოცით სველი ორგანოების შემშრალების თემაზე სწავლულთა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად უმრავლესობა მიიჩნევს რომ ეს მუბაჰი ანუ ნებადართული საქციელია და მსურველს შეუძლია შეიმშრალოს.
სწავლულთა ერთი ნაწილი ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებულში გადმოცემულ ჰადისზე დაყრდნობით ამბობენ, რომ აბდესის შემდეგ სველი ორგანოების შემშრალება მექრუჰია.
მორწმუნეთა დედა მეიმუნე (რ.ა.) გამოგვცემს:
„ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ტანის დასაბანად წყალი დავუსხი. ... ბანაობა რომ დაასრულა პირსახოცი მივაწოდე, თუმცა მან ამით არ შეიმშრალა.“ (ბუხარი, ღუსლ 259.)
ამ ჰადისში აღნიშნული არ არის თუ რატომ არ შეიმშრალა შუამავალმა (ს.ა.ს.). არაფერი არ მიუთითებს, რომ მან ეს არ მოიწონა და მექრუჰად მიიჩნია. შესაძლოა მისი საქციელი სულ სხვა მიზეზმა გამოიწვია, სულაც შეიძლება ცხელ ამინდში მეტი სიგრილისა და ტენიანობის შენარჩუნების მიზნით პირსახოცის გამოყონებისგან თავი შეიკავა. ის როგორც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ საქმეს ხან აკეთებდა ხან არა. აბდესის ან ბანაობის შემდეგ პირსახოცის გამოყენება მექრუჰი რომ ყოფილიყო შუამავალს თავისი მეუღლე რატომ მიართმევდა პირსახოცს?
თირმიზისა და აბუ დავუდის ჰადისთა კრებულებშიც არის რამდენიმე ჰადისი, რომლებიც გადმოგვცემენ, რომ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) აბდესის შემდეგ სველ ორგანოებს პირსახოცით ან კალთით იმშრალებდა. თუმცა ეს ჰადისები საკმაოდ სუსტი ჰადისებია, რის გამოც არ მოვიყვანე არგუმენტად. ისლამის ზოგადი წესების თანახმად ის, რაზეც ამკრძალავი სიტყვები არ არის გადმოცემული, ყველაფერი ნებადართულია. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბდესის შემდეგ სველი ორგანოების შემშრალება მუბაჰია.
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
23.01.2017 ბათუმი