fitras fulis sasaflaoze daxarjva
ფითრას ფულის სასაფლაოზე დახარჯვა შეიძლება?

კითხვა: რამდენიმე ოჯახმა ფითრას ფული რომ შევაგროვოთ და მიცვალებულს საფლავი გავუკეთოთ თუ შეიძლება?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
ფითრას ფულის სასაფლაოზე დახარჯვა არ შეიძლება. უზენაესმა ალლაჰმა თავის წიგნში დაგვიდგინა თუ ვის უნდა მიეცეს ფითრა:
اِنَّمَا الصَّدَقَاتُ لِلْفُقَرَاءِ وَالْمَسَاكٖينِ وَالْعَامِلٖينَ عَلَيْهَا وَالْمُؤَلَّفَةِ قُلُوبُهُمْ وَفِى الرِّقَابِ وَالْغَارِمٖينَ وَفٖى سَبٖيلِ اللّٰهِ وَابْنِ السَّبٖيلِ فَرٖيضَةً مِنَ اللّٰهِ
„უეჭველად ალლაჰისაგან სავალდებულოდ დადგინდა (ზექათი-ფითრა) მოწყალებანი (გაიცეს) მხოლოდ ღარიბების, ღატაკების, ამ საქმეზე მომსახურეთა, (ისლამისაკენ) გულთა მიმქცევთა, მონებისა, ვალის მქონეთა, ალლაჰის გზაზე მყოფთა და გზად (შეფერხებულ) დარჩენილებისათვის.“ (თევბე, 9/60.)
ფითრა ღარიბების კუთვნილებას წარმოადგენს, რომლითაც უზენაესმა დაგვავალდებულა. ფითრას მოწყალებით ღარიბები უნდა გავახაროთ და ბაირამის სიხარულს ისინიც უნდა ვაზიაროთ.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ისლამი საფლავების გაწყობას, მათ ამოშენებას, განათებას, მავზოლეუმებად და სამლოცველოებად ქცევას კრძალავს. საფლავი უნდა იყოს მოკრძალებული, რომელსაც დაბალი ყორე და განსვენებულის საცნობი წარწერა ექნება. სამწუხაროდ დღეს საფლავები ჭირისუფალის თავის გამოჩენისა და მატერიალური შესაძლებლობების დემონსტრირების ადგილადაა ქცეული. თუ გადავხედავთ სასაფლაოებს იოლად გამოვიცნობთ თუ რა ეკონომიურ შესაძლებლობებს ფლობს ამა თუ იმ საფლავის ჭირისუფალი. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) საჰაბეებს მიწასთან გაასწორებინა ის საფლავები, რომლებიც სიამაყის, თავის გამოჩენის ან სათაყვანებელ კერპს განასახიერებდა.
აბუ’ლ-ჰაიაჯ ალ-ასადი (რ.ა.) ასე გადმოგვცემს: ხალიფა ალიმ (რ.ა.) მითხრა:
„გინდა გაგგზავნო იგივე დავალებით, რა დავალებითაც თავის დროზე ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მე გამგზავნა? მიწასთან გაუსწორებელს ნუ დატოვებ ნურცერთ ძეგლს და ნურცერთ საფლავს, რომელიც ამაღლებულია.“ (მუსლიმ, 969; აბუ დავუდ, 3218; თირმიზი, 1049; ნესაი, 2030. ჰადისი საჰიჰია.)
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
27.06.2016 ბათუმი