Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

rogor gavigot aiati daxocet warmartebi

როგორ გავიგოთ სურა თევბეს 5-ე აიათი?

 
 
 


თევბე სურას 5-ე აიათის განმარტება

კითხვა:დახოცეთ ურწმუნოები. სადაც წააწყდებით, აიყვანეთ ეგენი, ალყაში მოაქციეთ და ჩაუსაფრდით ყველა საფარში.“ (ყურანი, სურა 9.)

მე ქრისტიანი ვარ და მაინტერესებს ეს მართლა წერია ყურანში თუ ამახინჯებენ მას?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

აღნიშნული აიათი ყურანის 9-ე სურას 5-ე აიათია, რომელიც კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და ყოველგვარი აზრისა და შინაარსის გარეშეა მოცემული. (მინდა მკითხველს ვუთხრა, რომ კითხვის ავტორმა გამოგვიგზავნა სოციალურ ქსელში გავრცელებული სურათი, რომელზეც აღნიშნული აიათი ეწერა და ავტორები ცდილობდნენ იმ შთაბეჭდილების შექმნას, რომ ყურანი ურწმუნოების დახოცვისკენ მოუწოდებსო.) მინდა გითხრათ, რომ თვითონ თარგმანშიც არის დარღვევა, რადგანაც ორიგინალში საუბარია კერპთაყვანისმცემლებზე და არა ზოგადად ურწმუნოებზე. ამ აიათის ორიგინალში წერია სიტყვა „მუშრიქიინე“, რაც კერპთაყვანისმცემლებს ნიშნავს. ყურანში ურწმუნო გამოიხატება სიტყვა „ქააფირ“-ით, რომლის მრავლობითი ფორმებია „ქუფფარ“ ან „ქააფირუუნ“, რომელიც გულისხმობს ხალხს, ვინც არ იზიარებენ ისლამის მოძღვრებას. ამ განმარტების მიხედვით ყოველი მუშრიქი ქააფირია, თუმცა ყოველი ქააფირი მუშრიქი არ არის; ანუ ყოველი კერპთაყვანისმცემელი ურწმუნოა თუმცა ყოველი ურწმუნო კერპთაყვანისმცემელი არ არის. სპეციალურად გადავამოწმე ყველა ოფიციალური თარგმანი, რაც კი ქართულ ენაზეა გამოცემული და არცერთში არ წერია ურწმუნოები, ამ თარგმანებში აღნიშნული სიტყვა ნათარგმნია, როგორც წარმართები, მეკერპეები, კერპთაყვანისმცემლები, რაც ერთიდაიგივე მნიშვნელობის მატარებელი სიტყვებია.

რაც შეეხება აღნიშნული აიათის სწორი აღქმისა და სწორი განმარტებისათვის საჭიროა ზოგადად ყურანის მოძღვრების ერთ მთლიანობაში აღქმა და კონკრეტულად ამ აიათის საკუთარ კონტექსტში განხილვა. აიათების განმარტებისას აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ის გარეომაება, რომელშიც ეს კონკრეტული აიათი ჩამოევლინა და უნდა ვიცოდეთ, თუ რას ამბობს მის წინა და მომდევნო აიათები. თემა რომ უკეთ აღქმადი იყოს მოკლე ისტორიული გადახვევით შევეცდები გაგაცნოთ ის გარემო, რომელშიც ჩამოევლინა აღნიშნული აიათი და შემდეგ კონკრეტული აიათის განმარტებასაც შევუდგები.

ქალაქ მექქაში მდებარე სალოცავი ქააბა ერთ-ერთი უძველესი წმინდა ტაძარია, რომელიც შუამავალმა აბრაამმა (ა.ს.) და მისმა ვაჟმა ისმაილმა (ა.ს.) ააგეს. ქააბა იმ დროიდან დღემდე ერთი ღმერთის მოთაყვანეთა მთავარ ცენტრად ითვლება. არაბი საზოგადოება, რომელშიც მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) დაიბადა კერპთაყვანისმცემლობის პიკს მიღწეული საზოგადეობა იყო, რომლებსაც ერთი ღმერთის სათაყვანოდ აგებული ქააბას ირგვლივ 360 კერპი ჰქონდათ  განლაგებული. როდესაც მუჰამმედმა (ს.ა.ს.) კერპები დაგმო და ერთი ღმერთის ქადაგება დაიწყო, მექქას წარმართებმა ის და მისი მიმდევრები ქალაქიდან გააძევეს. მუსლიმები წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ქალაქში შესვლას და წმინდა ადგილების მოლოცვას. მუჰამმედ შუამავალმა (ს.ა.ს.) 628 წელს მორწმუნეთა ხალხმრავალი ნაკადით ჰაჯობის რიტუალის შესასრულებლად მექქას მიაშურა, თუმცა წარმართებმა მათ ქალაქში შესვლი ნებარ არ დართეს. მუსლიმებმა წარმართებთან 10 წლიანი სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულება ძირითადად ხუთ პუნქტზე იყო აგებული:

ა) მუსლიმებსა და წარმართებს 10 წლით უარი უნდა ეთქვათ ომზე და მშვიდობიანად უნდა ეცხოვრათ, ამასთან არცერთ მხარეს არ ქონდა მეორე მხარის წარმომადგენელთა სიცოცხლის ან ქონების ხელყოფის უფლება.

ბ) მუსლიმები ამ წელს ქააბას მოულოცავად უკან უნდა გაბრუნებულიყვნენ. მომავალ წელს მათ მიეცემოდათ ქააბას მოლოცვის უფლება, არაუმეტეს სამი დღისა. ამ სამი დღის განმავლობაში ყურეიშელი წარმართები ქალაქგარეთ გავიდოდნენ.

გ) მუსლიმთაგან ვინმე თუ განუდგებოდა მუჰამმედს და ყურეიშელ წარმართებს თავს შეაფარებდა, ყურეიშელები მუსლიმებს არ გადასცემდნენ ამ კაცს. ყურეიშელთაგან ვინმე თუ ისლამს მიიღებდა და მუსლიმებისგან თავშესაფარს ითხოვდა, მუსლიმები ვალდებულნი იყვნენ, ეს კაცი წარმართებისთვის გადაეცათ.

დ) მექქაში ჰაჯობის, უმრას ან ვაჭრობისთვის ჩასულ მუსლიმებს სიცოცხლისა და ქონების ხელშეუხებლობის გარანტი ეძლევოდათ. ასევე წარმართებს ეძლევოდათ თავიანთი სავაჭრო ქარავნების ხელშეუხებლობის გარანტი, რომლებიც ეგვიპტესა და დამასკოს ბაზრებზე წვდომისთვის მედინას ტრანზიტად იყენებდნენ.

ე) ყურეიშის ტომის გარდა სხვა ტომის წარმომადგენლებს თვითონ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი მუსლიმთა მფარველობაში შევიდოდნენ თუ ყურეიშელთა მფარველობაში.

630 წელს წარმართებმა მუსლიმებთან დადებული ზავი დაარღვიეს, რის შედეგადაც მუსლიმთა 10 000 კაციანმა ჯარმა მექქაში შევიდა და ქალაქი დაიკავა. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ მექქას აღების დროს სისხლი არ დაღვრილა და მუსლიმებს წარმართებზე შური არ უძევიათ, ყველას ხელშეუხებლობის გარანტი მისცეს. მექქას აღების დღესვე კერპებიდან განიწმინდა ქააბას სამლოცველო. წარმართებს ჰქონდათ უცნაური წესი, რომლის თანახმადაც ჰაჯობის რიტუალს შიშველი ასრულებდნენ. მექქას აღების წელს მუჰამმედ შუამავალმა წარმართთა ასეთი ცუდი წესის გამო ჰაჯობის შესრულება არ ისურვა. იმ წლის ჰაჯობის ზედამხედველად აბუ ბექირი (რ.ა.) წარგზავნა, რომელიც ხალხს ჰაჯობის რიტუალებს აცნობდა და წესრიგის დაცვაში ეხმარებოდა. აბუ ბექირს (რ.ა.) თან ახლდა შუამავლის ბიძაშვილი ახალგაზრდა ალი (რ.ა.), რომელსაც აღნიშნული სურას 1-დან 40-ე აიათის ჩათვლით ახალჩამოვლინებული ბრძანებები უნდა ეცნობებინა, როგორც მუსლიმებისთვის ასევე წარმართებისთვისაც. ეს აიათები ფაქტიურად მექქას წმინდა ქალაქად აცხადებდა, სადაც წარმართთა ყოფნა არ შეიძლებოდა. ვისთანაც მუსლიმებს სამშვიდობო ზავი ქონდათ დადებული, მათ მანამ შეეძლოთ ქალაქში დარჩენა ვიდრე ამ ხელშეკრულებას ვადა არ გაუვიდოდა; ხოლო ვისაც ზავი არ ქონდათ დადებული ან ოთხ თვეზე ნაკლებ დროში სრულდებოდა მათი ზავის ვადა, მათ კიდევ ოთხი თვით დარჩენის უფლება ეძლევოდათ. ამ დროის მანძლიზე მათ უნდა დაეტოვებინათ ქალაქი და იქაურობა კერპებისა და წარმართული გარყვნილობებისგან უნდა გაწმენდილიყო. აი ასეთ გარემოში ჩამოევლინა აღნუშნული აიათები, რომელთა პირველ ექვს აიათს მოვიყვან მხოლოდ და შევეცდები მათ განმარტებას. აქ მოყვანილი აიათები ქართველ მუსლიმებში ყველაზე უფრო გავრცელებული, რეზო მიქელაძის თარგმანიდან ავიღე:

1. ეს ბოლო გაფრთხილებაა  ალლაჰისგან და მისი შუამავლისგან იმ წარმართთათვის, რომლებთანაც შეთანხმება გქონდათ დადებული. 

2. მაშ, იმოგზაურეთ დადამიწაზე  ოთხი თვე, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ ალლაჰს ვერ გამოაცლით ძალას  და უეჭველად, ალლაჰი გაანადგურებს  ურწმუნოებს!

3. და აი, უწყება ალლაჰისა და მისი შუამავალის ყველა ადამიანებისადმი დიდი ჰაჯობის  დღეს: უეჭველად, ალლაჰი და მისი შუამავალი წარმართებიდან შორს არიან. და თუ თქვენ მოინანიებთ, თქვენთვისვე იქნება უკეთესი. და თუ პირს იბრუნებთ, მაშ, იცოდეთ, რომ  თქვენ ალლაჰს ვერ გამოაცლით ძალას. ხოლო აცნობე იმათ, რომელთაც უარყვეს მწარე სასჯელი.

4.         გარდა იმ წარმართნისა, რომლებთანაც შეთანხმება გაქვთ და რომელთაც მას მერე არც ერთხელ არ დაურღვევიათ იგი და არავის  დახმარებიან თქვენს წინააღმდეგ ეგენი. მაშ, დაიცავით შეთანხმება დათქმულ ვადამდე. უეჭველად, ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც მოკრძალებულნი არიან!

5. ხოლო როცა გაივლის ნაკრძალი თვეები, დახოცეთ წარმართები. სადაც წააწყდებით, აიყვანეთ ეგენი, ალყაში მოაქციეთ და ჩაუსაფრდით ყველა საფარში. მაგრამ თუ მოტრიალდნენ, და აღავლინეს ლოცვა და ზექათი გაიღეს, მაშ, გზა გაუხსენით მათ. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

6. და თუ რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა. მერე კი უსაფრთხო ადგილას მიიყვანე. ეს იმიტომ, რომ ისინი უცოდინარი  ხალხია.

აღნიშლ აიათში მოცემული „დახოცეთ წარმართები, სადაც წააწყდებით“ არ არის ზოგადი ბრძანება, არამედ ეს ბრძანება კონკრეტულად მექქას ტერიტორიაზე ვრცელდება, მას შემდეგ, რაც გაივლის ოთხი თვე ან შეთანხმება დასრულდება. თანაც აღკვეთის ეს ფორმა მაშინ აღსრულდება, როდესაც სხვა ღონისძიებები შედეგს არ გამოიღებს, მაგალითად ოთხთვიანი ან შეთანხმების დასრულებამდელი ვადა, „ჩაუსაფრდით ყველა საფარში“ ანუ მკაცრად გააკონტროლეთ; „ალყაში მოაქციეთ“ ანუ შემოსვლის ნებას ნუ მისცემთ; „აიყვანეთ ეგენი“ ანუ დააპატიმრეთ და თუ ეს ყველაფერი უშედეგო იქნება შემდეგ დახოცეთ. აქ საუბარი არ არის პირდაპირ დახოცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დანარჩენი ღონისძიებების გატარებას აზრი არ ექნებოდა. ამ აიათებით წარმართებს განეცხადათ, რომ დარქმული დროის გასვლის შემდეგ ხელშეუხებლობის გარანტი მოხსნილი გექნებათ. ამის შემდეგ თუ კვლავ არ მოიშლით ძველ წარმართულ წეს-ჩვეულებებს და მუსლიმთა წმინდა ქალაქში წარმართული წეს-ჩვეულებების გამყარებასა და ავტორიტეტის ხელში ჩაგდებას შეეცდებით, ასეთი საქციელი ავტომატურად მუსლიმთა წინააღმდეგ ომის გამოცხადებად ჩაგეთვლებათო. ამ ყველაფერს ყველაზე კარგად 6-ე აიათში ეფინება ნათელი, სადაც ვკითხულობთ „თუ რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, შეიფარე იგი“ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ თუნდაც, რომ კერპთაყვანისმცემელი იყოს, ისლამი მას ყველა შემთხვევაში სიკვდილით არ ემუქრება. მან თავისი ნებითა და არჩევანით უნდა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა, გააცნობიეროს სიტუაცია და შემდეგ თუ წასვლას მოისურვებს, მუსლიმთა ყურანისეული ვალდებულებაა არა თუ თავისუფლად გაუშვას არამედ მისი უსაფრთხო ადგილზე გასვლაც უზრუნველყოს, რასაც შემდეგ სიტყვებში ვკითხულობთ: „მერე კი უსაფრთხო ადგილას მიიყვანე.“ მას შემდეგ, როცა ალლაჰის სიტყვას მოისმენს და გააცნობიერებს სიტუაციას, მისი გადასაწყვეტია თუ რას მოიმოქმედებს. უსაფრთხო ადგილას მიყვანის ფრაზა ასევე იმასაც გვეუბნება, რომ მათთვის მხოლოდ მექქაში ყოფნა ითვლება საფრთხედ და არა მის გარეთ სხვა ტერიტორიებზე.

როგორც ვხედავთ ეს აიათები ჩამოევლინა ერთ კონკრეტულ გარემოში, კონკრეტული ჯგუფის შესახებ და იგი არ გულისხმობს იმას, რომ სადაც ურწმუნოს გადაეყრები იქვე მოკალი ან მათი თავშეყრის ადგილები ააფეთქე და გაანადგურეო.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

02-12-2015 ბათუმი 


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol