Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

samsaxuri da namazi

სამსახური და ნამაზი

 
 
 



კითხვა: საქართველოს პირობებში, ქალი როდესაც მუშაობს და სამსახურში ვერ ახერხებს ნამაზის შესრულებას, კონკრეტულად შუადღისა და შუა ნამაზებს როცა ვერ ასრულებს, ამის ანაზღაურება როგორ ხდება? ბევრს დავუსვი ეს შეკითხვა და თქვენი პასუხიც მაინტერესებს. თუ მეტყვით რომ არ უნდა ვიმუშავო გასაგებია, რადგანაც ისლამზე და ნამაზზე მაღლა არაფერი დგას, მაგრამ თუ მეტი გზა არ მაქვს, როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში? ძალიან მაწუხებს ეს კითხვა და ძალიან ვნერვიულობ. მინდა რომ ყველაფერი ისლამის მიხედვით გავაკეთო.

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

მუსლიმისთვის რწმენის შემდეგ უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ვალდებულება ნამაზია. ისლამში ნამაზის გარდა ყველა ღვთისმსახურებას გააჩნია საპატიო მიზეზები, რომელთა არსებობისას ესა თუ ის ღვთისმსახურება დროებით გადავადებას ექვემდებარება. ნამაზის პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს მხოლოდ ბავშვებს, აზროვნება შეზღუდულებს და კომაში მყოფებს. ისინი, ვინც ამ სამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან ვალდებულნი არიან შეასრულონ ყოველდღიურად ხუთი ნამაზი. არსებობს ნამაზის შემსუბუქებული ფორმები შესაბამისი საპატიო მიზეზების მქონე პირებისათვის. მაგალითად მგზავრისთვის შემოკლებულად ან ორი დორის გაერთიანებულად ლოცვა, ავადმყოფთათვის მჯდომიარე ან მწოლიარე მდგომარეობაში ლოცვა. თუმცა გადადება ან შეუსრულებლობა მიუღებელია.

რაც შეეხება გავლილი ნამაზების ანაზღაურებას, მუჰამმედ შუამავლის ს.ა.ს. სუნნეთში გავლილი ნამაზის ასანაზღაურებლად მხოლოდ ორი მიზეზი არსებობს: თუ ჩაგეძინა და ვერ ილოცე ან თუ დაგავიწყდა და გვიან გაგახსენდა. ამ შემთხვევებში გავლილი ნამაზები გამოღვიძების ან გახსენებისთანავე ლოცვით უნდა ავანაზღაუროთ. სხვა დანარჩენ შემთხვევებში ანუ მოუცლელობის ან სიზარმაცის მიზეზად გამოტოვებული ნამაზების ანაზღაურება შუამავლისა და მისი საჰაბეების პრაქტიკაში არ არსებობს. მეზჰების იმამებს შორის ასეთი ნამაზების შემდგომში ლოცვის შესახებ განსხვავებული შეხედულებები ფიქსირდება. ერთი ნაწილი ასეთ ლოცვას არ ეთანხმება და შეგნებულად ნამაზის არშემსრულებელს ისლამის რწმენიდან გასულს მიიჩნევს, რადგანაც მუჰამმედ შუამავალი ს.ა.ს. ბრძანებს:

„კაცსა და ურწმუნოებას შორის ნამაზის მიტოვებაა.“ (მუსლიმ, იმან, 134; აბუ დავუდ, სუნნე, 15. თირმიზი, იმან, 9; იბნი მაჯე, იყამე, 17; დარიმი, სალათ, 29.)

„ჩვენი, მათ (მუნააფიყებს, მუშრიქებს და ქააფირებს) შორის განმასხვავებელი ნამაზია. ვინც მას მიატოვებს ურწმუნო გახდება.“ (ნესაი, სალათ, 8; თირმიზი, იმან, 9; იბნი მაჯე, იყამე, 77, ფითენი 23; აჰმედ, 5/334, 355.)

სწავლულთა მეორე ნაწილი ამას დიდ ცოდვად მიიჩნევს. ამის ჩამდენს სასწრაფოდ მონანიებისკენ მოუწოდებს და გამოტოვებული ნამაზების ლოცვით ანაზღაურებას ურჩევს. ჰანეფი მეზჰების სწავლულები, რომლებიც ეთანხმებიან გამოტოვებული ნამაზების ანაზღაურების საკითხს, ამას ურჩევენ იმ პიროვნებებს, ვინც დასაწყისში დიდი გულისყურით არ ეკიდებოდა ნამაზს, თუმცა შემგომ გონს მოეგო, მოინანია და გამოსავალს ეძებს, ან ვინც რაიმე მიზეზის გამო ერთი ან რამდენიმე ნამაზი გააცდინა და ამ შეცდომის გამოსწორების გზას ეძებს. როგორც თქვენ ახსენეთ სამსახურში ყოფნისას ორი ნამაზის გამოტოვება და შემდეგ თავისუფალ დროს ანაზღაურება, რასაც ხანგრძლივი და სისტემატიური ფორმა აქვს და მომავალშიც იგივეს გაგრძელებას მიზნად ისახავს, ამას არცერთი სწავლული და არცერთი მეზჰები არ გაამართლებს. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით თუ როდის გვეწვევა სიკვდილი ე.ი. სიცოცხლის ბოლომდე ასე ვაპირებთ ამის გაგრძელებას, ასე არ შეიძლება.

მე გირჩევთ დაელაპარაკოთ თქვენი სამსახურის ხელმძღვანელს, რომ არ აგიკრძალოთ სამსახურში ნამაზის შესრულება და სულ ცოტა 4 მუხლი ფარრძი მაინც ილოცოთ. შუადღის ნამაზი ისედაც შუადღის შესვენების დროს ემთხვევა და ამ დროს მოასწრებთ ლოცვას, შუა ნამაზის 4 მუხლის სალოცავად 5 წუთი საკმარისია. ვფიქრობ 5 წუთის ნებას არ დაგიშლით შეგნებული ადამიანი, მითუმეტეს თუ სამსახურეობრივ ვალდებულებებსაც პირნათლად ასრულებთ. ხშირია შემთხვევები როდესაც, აქ სად უნდა ვილოცო, თანამშრომელბი რას იტყვიან და მსგავსი უბრალო მიზეზების გამო ნამაზებს არ ლოცულობენ და სამსახურში ვერ ვახერხებ ლოცვასო ამბობენ. რათქმაუნდა ეს ვერ იქნება თავის გასამართლებელი მიზეზი.

თუ ამ ყველაფრის მიუხედავად ხელმძღვანელი გიკრძალავთ ლოცვას, მაშინ უნდა მიატოვოთ ასეთი სამსახური და სხვა სამსახურის ძიებას უნდა შეუდგეთ. უზენაესი ალლაჰის იმედად იყავით, ის არავის მიატოვებს დახმარების გარეშე, მთავარია გამოცდის წარმატებულად ჩაბარება. იმ ქვეყნის ფასად ამ ქვეყნის ყიდვას ნუ შევეცდებით. უზენაესმა ალლაჰმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და სულ მისი გზით გატაროთ.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

01-11-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol